ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ველოდები, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში ის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის
ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ველოდები, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში ის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის

კონსტიტუციური განხეთქილება მზადდება და ესეც იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოწვევა, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„კონსტიტუცია დაირღვა თუ არა, ამას საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს საბოლოოდ. ჩვეულებრივ ადამიანებს წინასწარ რომ გვინდა ანგარიშის გამოცნობა, ასე არ არის. პოლიტიკოსი, ბუნებრივია, ერთი ერთს იტყვის და მეორე – მეორეს, მაგრამ რასაც საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, ის იქნება ამბავი. რით უნდა იხელმძღვანელო ჩვეულებრივმა ადამიანმა, როდის დაირღვა ან არ დაირღვა კონსტიტუცია? საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, ხომ?! წინასწარ მიდის ერთმანეთის დახოცვა, ასე იქნება თუ ისე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თუ არ მოგვეწონა, ანუ, არ ვცნობთ კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლოს?! ამთავითვე თუ ვიტყვით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მაინტერესებს, რა გამოდის? რობინზონ კრუზოს კანონები არ სჭირდებოდა, პარასკევა და რობინზონ კრუზო რომ იყვნენ, მშვენივრად აგვარებდნენ ურთიერთობას, მაგრამ კიდევ ერთი ასი კაცი რომ დამატებოდათ, იქ უკვე კანონები დასჭირდებოდათ. საკონსტიტუციო სასამართლო თუ არ გვინდა, გამოდის, აღარც სასამართლო არ გვინდა, მაშინ აღარც პარლამენტი გვინდა, აღარც საზოგადოებრივი მაუწყებელი და არაფერი არ გვინდა, ხომ? ესეც საფრთხეა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოწვევა იქნება, რომ ამ პროცესში მიუკერძოებლობა შეინარჩუნოს.

„ასეთი საკითხი უამრავი იქნება არჩევნებამდე, მაგრამ ისევ უნდა დაეყრდნო კანონს, კონსტიტუციას და აქ უნდა მოძებნო საყრდენი. როგორ უნდა წაიკითხო კონსტიტუციის ამბავი, დაირღვა თუ არ დაირღვა? ისე უნდა მიიღო, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს. გარკვეული ჯგუფების მხრიდან ზეწოლა სულ უფრო მეტი იქნება, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელში უამრავი საინტერესო ადამიანი მუშაობს და ყველა პრინციპულად უნდა დადგეს“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოხერხდეს იდეოლოგიური დიქტატისგან გათავისუფლება, რის გამოც ადამიანები ხშირად თვითცენზურას განიცდიან, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ მათ საკუთარი აზრის გამოთქმის არ უნდა შეეშინდეთ.

„მე ნამდვილად დიდი იმედი მაქვს ჩვენი ჟურნალისტების. ზოგადად, ქვეყანაში დისკუსიაა დაკარგული და უნდა აღდგეს ეს დისკუსია, რომელიც აგრესიულმა სიბრიყვემ წალეკა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა შეძლოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სირთულეების დაძლევა საარჩევნო დუღილის პირობებში, რომელსაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამისთვის დისკუსია უნდა გაფართოვდეს, სადაც ყველა მხარე გამოთქვამს აზრს და საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნას.

„ჟურნალისტებმა მაქსიმალურად უნდა უთხრან სიმართლე საზოგადოებას, როგორც თავად უყურებენ პროცესებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმაც გამოთქვას აზრი, თუმცა ფრთხილად უნდა იყოს. აქ უნდა იყოს პირობები, სადაც ადამიანები მოვლენ და ილაპარაკებენ. ყველას აზრი მოასმენინეთ საზოგადოებას და ის თვითონ გააკეთებს დასკვნას. ყველა აზრი მოასმენინე საზოგადოებას, ოღონდ ისე კი არა, რომ ამან იმას მოღალატე უძახოს, ეს ტექნიკის ამბავია და ჟურნალისტის თავმოყვარეობის ამბავია, რისი პრობლემაც არის ქვეყანაში. ყველას აზრი მიიტანეთ საზოგადოებამდე, კანდიდატის სტატუსზე თუ სხვა რამეზე. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რეალურად რა ხდება. ესეც პროფესიონალიზმის ნაწილია. აქ ამ ჯგუფს თავისი ტელევიზია აქვს, იმ ჯგუფს – თავისი, ეს კი თითოეული მოქალაქის ტელევიზიაა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ პერიოდში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის.

„საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ქვეყნის ღალატს ნამდვილად არ ველოდები და ველოდები, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში ის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის. ამას თქვენი მხრიდან სჭირდება პრინციპულობა. კიდევ ერთი, ყალბი სოლიდარობა არც არხის შიგნით უნდა იყოს და არც არხის გარეთ. არ არის კარგი ასეთი მიდგომა, რადგან ორივენი ჟურნალისტები ვართ, მოდი, მე შენზე არ ვიტყვი არაფერს და ა.შ. ასე მხოლოდ მიცვალებულებზე ხდება, ან კარგს რომ ამბობენ, ან არაფერს. ჩვენ ცოცხლები ვართ და ერთმანეთზეც უნდა ვთქვათ. კონსტანტინე გამსახურდია და მიხეილ ჯავახიშვილი აკრიტიკებდნენ ხოლმე ერთმანეთს და მერე ისევ უზარმაზარ პატივს სცემდნენ. ასეთი გიგანტები რომ აკრიტიკებდნენ ერთმანეთს, იმიტომ იყვნენ მაგრები. აბა, ერთმანეთს თუ მხოლოდ ტაში ვუკარით, რა გამოვა? შიგნით არ მოგეწონება?! თქვი! გარეთ არ მოგეწონება?! თქვი! ესეც ერთ-ერთი ამოცანაა საზოგადოებრივი მაუწყებლის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.