ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები და გადაწყვეტილების მიმღები პირები გათავისუფლებული არიან დიქტატისგან, ეს უკვე ყველამ იცის
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები და გადაწყვეტილების მიმღები პირები გათავისუფლებული არიან დიქტატისგან და ეს უკვე ყველამ იცის, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„შეიძლება, ვიღაც თვლიდეს, რომ ჟურნალისტის პოზიციას არ იზიარებს, მაგრამ ამას თანდათან უნდა შევეგუოთ, რომ ასეთი ვითარება სჯობს, ვიდრე რომელიმე ჯგუფის მხრიდან დიქტატი. თუმცა ასეთი მცდელობები არის ხოლმე, პირდაპირი და არაპირდაპირი. ზოგჯერ არის ბულინგიც. ეს არის გამოწვევები, მაგრამ მე ამ ვითარებას არ ვუყურებ უიმედოდ და მხრებჩამოყრილი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს არსებულ პოლარიზებულ გარემოში, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ პირველი არხი საქართველოში ყველაზე თავისუფალი ტელევიზიაა, ჟურნალისტებს არავინ არაფერს ავალებს, ისინი არ არიან განწყობილი ტყუილის გასავრცელებლად და მისი ოპტიმიზმის საფუძველიც ეს არის.
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტის ნათქვამი გინდა თუ არა, ყველას მოეწონება. მათ შორის, შეიძლება, ბევრი რამ იყოს, რაც, შესაძლოა, ჩემს გემოვნებას არ ემთხვეოდეს, მაგრამ მექანიზმი ისე აეწყო, რომ ამაზე აღარ არის სწორება. იყო დრო, როდესაც არა მარტო სწორება იყო, არამედ იყო დიქტატი, ახლა კი ასე აღარ არის. ამ სიტუაციას ჟურნალისტებიც მიეჩვივნენ თანდათან და საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს, რაღაცნაირად ცენტრის მდგომარეობა დაიკავოს, არ მოატყუოს მაყურებელი და საზოგადოებას რამე არ დაუმალოს. ზოგადად, ჩვენს მედიასივრცეში, ვიცით, რომ არის ტყუილის პრობლემა, დეზინფორმაცია რომ ჰქვია ლამაზად. შეითხზვება ხოლმე ტყუილი რაღაცის გამო, მერე ეს ტყუილი გავრცელდება პოლიტიკური მიზნებით და ა.შ.“ – განაცხადა მაღლაფერიძემ.
როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, გარკვეული ჯგუფების ინტერესების მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იქნება ბრძოლის და რევოლუციის იარაღი.
„ეს არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია და დღეს ეს განწყობა არ არის საზოგადოებრივ მაუწყებელში“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებაში ხდება ის, რაც მთელ მსოფლიოში და არაფერი განსაკუთრებული.
„ბოლო დროს ხშირად მიდის საუბარი ხან შიგნით და ხან გარეთ პოლარიზაციაზე, თითქოს აქ მოჩხუბარი მამლები იყვნენ წაკიდებული. არ ვიცი, რამდენად ზუსტი სიტყვაა პოლარიზაცია. აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. რომ ვუყურებ, ხშირად ხდება „დაკომპლექსება“ ჩვენი მოსახლეობის; ჩამოვა ვიღაც და კლასის დამრიგებელივით იტყვის, თქვენ ხართ პოლარიზებული, ან შიგნით დაიწყებენ ხოლმე, უნდა შეგარიგოთო. სინამდვილეში, არაფერი მსგავსი არ ხდება. აქ არის მსოფლმხედველობრივი განსხვავება. ეს 20 წლის წინ არ ჩანდა ასე, მაგრამ ახლა ყალიბდება და ის ხდება, რაც მთელ მსოფლიოში. ეს ხდება ევროპაში და ეს ხდება ამერიკაში. ადამიანები ჯგუფდებიან საკუთარი შეხედულებების, კულტურული გემოვნების თუ ინტერესების გარშემო და ეს არის, ამ კუთხით უნდა შევხედოთ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
ვასილ მაღლაფერიძემ ასევე განაცხადა, რომ ქართული საზოგადოების დაცვის მთავარი საშუალება არის ინტელექტუალური დაცვა, რომ ადამიანმა ალღო აუღოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
„გარკვეულწილად, ტაბუები უნდა აიხსნას. მე, მაგალითად, მეჩვენება, რომ ქართული აზროვნება, ისე, რომ არავინ არ კრძალავს, თვითაკრძალვის სიტუაციაშია. მე, როგორც ერთ მაყურებელს, გამიხარდება, რომ გადაცემებში მეტი დისკუსია იყოს ამა თუ იმ საკითხზე, მომავალზე. ჭადრაკში ზოგი სრულიად მოულოდნელი სვლა არის ხოლმე კარგი. არ შეიძლება, რამდენ სვლასაც იტყვის ადამიანი, იმდენი ან მოღალატე ეძახო, ან იდიოტი. ამის უკან სხვა რამ დგას. სინამდვილეში, შეკვეთილი სიტუაციაა ასეთი მარტივი აზროვნების. ასე რომ აზროვნებ, ფაქტობრივად იმას გეუბნებიან, არ იაზროვნოო. ჭადრაკს რომ თამაშობ, შენ რომ უკეთესად აზროვნებ, გირჩევნია, ხომ?“ – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.