ვასილ მაღლაფერიძე - საქართველოს ნაკრებმა აჩვენა მაგალითი, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ თუნდაც ამ გეოპოლიტიკურ გამოწვევაში, მსოფლიოს ღირსეულად ვუთხარით, რომ ჩვენი ადგილი გვეკუთვნის და მოვიპოვებთ კიდეც
ვასილ მაღლაფერიძე - საქართველოს ნაკრებმა აჩვენა მაგალითი, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ თუნდაც ამ გეოპოლიტიკურ გამოწვევაში, მსოფლიოს ღირსეულად ვუთხარით, რომ ჩვენი ადგილი გვეკუთვნის და მოვიპოვებთ კიდეც

სპორტი ყოველთვის არის პოლიტიკის ზოგჯერ გაგრძელება, ზოგჯერ სათავეც კი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საბერძნეთში ოლიმპიადებიც იმ დიდი პოლიტიკის ნაწილი იყო, ომი რომ წყდებოდა. ეს არის ქვეყნებს შორის ცივილური ურთიერთობების გარკვევის გამოძახილი. საქართველო, სტატისტიკური თვალსაზრისით, ამაზე დიდ გამარჯვებებს მოიპოვებს მომავალში, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა, მაგრამ ეს გამარჯვება ძალიან დიდხანს დაგვამახსოვრდება. ეს მოხდა ძალიან საჭირო დროს, ძალიან საჭირო მომენტში. წვიმას რომ ელოდება ადამიანი, ისეთ დროს. 30 წელია, დამოუკიდებლობა გვაქვს და მაინც ისეთი განწყობით ვიყავით, თითქოს აწმყო არ გვწყალობს. სხვათა შორის, თავის დროზე, „ჩემო კარგო ქვეყანაზე“ აზრი იყოფოდა. იყო აზრი, რომ პესიმისტურია, მაგრამ პესიმისტური კი არ არის, ძალიან ოპტიმისტურია თავისი შინაარსით, მომავალი ჩვენია – ამ თვალსაზრისით. სწორედ ასეთი ოპტიმისტური ამბავი მოხდა ახლა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, ეროვნულმა ნაკრებმა გარკვეულწილად, აჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ თუნდაც ამ გეოპოლიტიკურ გამოწვევაში.

„იმ დონეზე ვიყავით, გუნდები ერთმანეთს რომ შეეჯიბრებოდნენ, ქართველი ახალგაზრდები ამბობდნენ, მე ვარ არგენტინელი, ბრაზილიელი, ვენესუელელი, ინგლისელი და უცებ, კრიტიკულ მომენტში, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. რაც მთავარია, გავიდა ღირსეულად. ამან მოიტანა საკუთარი ძალების რწმენა. ხშირად ამბობენ ხოლმე, უდარდელი ერი ვართო, მაგრამ არა, ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენ ძალიან დარდიანი ერი ვართ. ჩვენი უდარდელობა არის, ეს დარდი რომ დავფაროთ და გადავიტანოთ. გადავხედოთ, რა დოლაბა ტრიალებდა ამ ქვეყნის თავზე, მაგრამ მაინც რა მშენებლობა, რა ეკონომიკა ტრიალებდა და როგორ მოვიდა ქვეყანა აქამდე. შეიძლება, ეს მე-19 საუკუნის პერიოდის აღქმა იყოს, როცა ცოტა არხეინად ფეხი ფეხზე გადაიდო, ისიც ფუნქციადაკარგულმა თავადაზნაურობამ. ცოტა ლუარსაბის განზოგადებაა ერზე. სინამდვილეში კი, ეს არის დიდი შრომის შედეგი. ამ გუნდმა, გარკვეულწილად, აჩვენა მაგალითი, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ თუნდაც ამ გეოპოლიტიკურ გამოწვევაში, როდესაც 120 წუთის განმავლობაში და მერე კიდევ პენალტებში იშრომა, იწვალა და მაგალითი მოგვცა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას ამ ტიპის გამარჯვება, საკუთარი ძალების რწმენა სჭირდებოდა.

„გუშინ რომ ვამბობდით, ოღონდ დამოუკიდებლობა მოვიპოვოთო. . . რაღაც გვინდოდა, დაგვენახა, უკეთესის იმედი გვქონდა. მერე ხანდახან იყო გულისწყვეტა, ხომ არ მოხდა ისე, რომ ჩვენ ყველაფერს წარსულში მივაღწიეთ. ახალგაზრდა თაობას კი ვუყვებით თბილისის „დინამოს“ 1981 წლის გამარჯვებას, მაგრამ ეს მოყოლით არ გამოდის, საკუთარი გამარჯვება უნდათ და ახლა ამ გამარჯვებაში ძველი და ახალი თაობა გაერთიანდა. გამარჯვება ვნახეთ ჩვენც და ნახეს მათაც“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ როცა საქართველოს გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და ახალგაზრდების დიდი რაოდენობა სტადიონზე გადავიდა, მათ აჩვენეს ძალიან დიდი კულტურა და ის, რომ ქართველ ხალხს აქვს ბედნიერებისკენ მისწრაფება.

„ხალხს ვიტრინების დალეწვა და ცხვირ-პირის დამტვრევა კი არ უნდოდა ვინმესთვის, გამარჯვება უხაროდა. ეს იყო მაღალი ყოფითი კულტურა და ასე არ ხდება ევროპის ბევრ ქვეყანაში“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, 26 მარტს ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი და გუნდმა, ფეხბურთის დიდებულად თამაშთან ერთად, იცოდა, რომ თამაშობდა აფხაზებისთვის და მათთან ერთიანობისთვის.

„ჩვენი გადასახედიდან, მსოფლიოს ღირსეულად ვუთხარით, რომ ჩვენი ამოცანები გვაქვს, ვართ ერთი ქვეყანა, გვიმღერია და კვლავაც ვიმღერებთ. ვცხოვრობთ აქ, უფლებაც გვაქვს, ბედნიერი ხალხიც ვართ, ღვინოსაც ვწურავთ, ფეხბურთსაც ვთამაშობთ, კიდეც გვითამაშია,. ჩვენი ადგილი გვეკუთვნის და მოვიპოვებთ კიდეც; არც დასამადლებელი გვაქვს არაფერი, არც დიდად სახვეწარი, ჩვენი თავმოყვარეობაც გვაქვს, პატივისცემაც ვიცით, სტუმარმასპინძლობაც და ურთიერთობაც“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ამასთან, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ამ გამარჯვებით, ახალგაზრდებმა ირწმუნეს საკუთარი სახელმწიფოს ძალა, რომ აქ, ამ პატარა ქვეყანაში თავისუფლად არის შესაძლებელი, დაიბადოს და წარმატებას მიაღწიოს.

მისივე თქმით, „ჩაკრულო“, რომელიც კოსმოსში გაუშვეს, არის დედამიწის გზავნილი და იქ არის დიდი ბრძოლის ჟინი.

„სინამდვილეში, იქ არის დიდი ბრძოლა, რომ არ დავთმობ. „ჩაკრულო“ ამას ეუბნება არა მარტო ტექსტით, არამედ სიმღერით – არ დავთმობ, მაგარი ვარ და ვიომებ. ეს გვჭირდება ჩვენ და ყოველდღე, მათ შორის, ტელევიზიებმაც უნდა ვთქვათ – ეს ძლიერიც არის, მაგარია და ფეხზე დგას“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.