ვასილ მაღლაფერიძე - რეფორმის შედეგს უკვე სექტემბერში დავინახავთ და თუ ასე არ მოხდა, იოლად შეიძლება კანონის შეცვლაც და დირექტორის დათხოვნაც
ვასილ მაღლაფერიძე - რეფორმის შედეგს უკვე სექტემბერში დავინახავთ და თუ ასე არ მოხდა, იოლად შეიძლება კანონის შეცვლაც და დირექტორის დათხოვნაც

პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვის პროცესზე, პირველ არხზე მიმდინარე რეფორმებსა და ამასთან დაკავშირებით გამოთქმულ განსხვავებულ მოსაზრებებზე, 1tv.ge საზოგადობრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს ესაუბრა.

 

ბატონო ვასილ, პარლამენტში საკმაოდ ხმაურიანად წარიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის განხილვა, რა იყო ამას მიზეზი? თუმცა სანამ ამაზე მიპასუხებთ, ხმები ვრცელდება, თითქოს აპირებთ გადადგომას და სამეთვალყურეო საბჭოში გადასვლას…

ხმები კი არ ვრცელდება, ერთმა სააგენტომ გაავრცელა სრულიად არაკვალიფიციური ჭორი. არაკვალიფიციური იმიტომ, რომ ჭორსაც სჭირდება პაწია საფუძველი მაინც – მსგავსი რამ კი არც მიფიქრია, არც ვინმესთვის მითქვამს და ასეთ რამეს ნამდვილად არ ვაპირებ. ეს ამბავი თავად სააგენტომ შეთხზა. ასე რომ, ეს თემა შეგვიძლია, გაუხსნელად დავხუროთ.

რაც შეეხება ხმაურს კანონპროექტთან დაკავშირებით, დეპუტატები პარლამენტში წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და ინტერესთა ჯგუფებს და, ბუნებრივია, გამოთქვამენ და იცავენ საკუთარ მოსაზრებებს. ეს ნორმალური პროცესია, ვინაიდან პირველი არხი სახელმწიფო ტელევიზია კი არ არის, როგორც ზოგს ჰგონია ან უნდა რომ იყოს, არამედ თავისი ხასიათით ისეთივე კერძო საკუთრებაა, როგორც ნებისმიერი სხვა არხი, ოღონდ იგი ყველა მოქალაქის საკუთრებაა. ანუ რომელიმე პარტიის, სოციალური ჯგუფის, გაერთიანების ან ცალკეული ადამიანის საკუთრება კი არ არის, არამედ პირობითად რომ ვთქვათ, პირველი არხის თითო აქცია საქართველოს ყველა მოქალაქეს უდევს ჯიბეში.

ცხადია, პირველ არხს ჰყავს გულშემატკივრები, რომელთაც სურთ, რომ იგი იყოს ძლიერი და წარმატებული. ბუნებრივია, არიან ისეთებიც, რომელთაც ურჩევნიათ, რომ პირველი არხი იყოს სუსტი, აუტსაიდერი ან სულაც არ არსებობდეს და ყველანაირად ცდილობენ ამ აზრის დამკვიდრებას – ეს მოსაზრება ლაიტმოტივად გასდევდა ამ კანონპროექტის განხილვასაც. რასაკვირველია, ყველაფერს თავისი მიზეზი  და ახსნა აქვს.

საზოგადოებრივი ტელევიზია რომ არ უნდა არსებობდეს, ამ აზრის გამოთქმას, ცხადია, ვერავის დავუშლით, ასეთ რამეს ევროპაშიც მოისმენთ, მაგრამ ევროპული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია აუცილებლად უნდა არსებობდეს და არც საქართველოში აპირებს ვინმე ამ თემაზე დისკუსიის დაწყებას, ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ჩანაწერი გაჩნდა კონსტიტუციაში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ.

საზოგადოების დიდი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად შეთანხმებულია, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია უნდა არსებობდეს და სხვა კერძო ტელევიზიების მფლობელები და მათი ლობისტები უნდა შეეგუონ ამ მოცემულობას, ისევე როგორც ამას ეგუებიან ევროპაში.

თუმცა, საზოგადოების ინტერესი მხოლოდ ის კი არ არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უბრალოდ არსებობდეს და მას არავინ უყურებდეს, არამედ ინტერესი არის ის, რომ პირველი არხი იყოს ძლიერი და მნიშვნელოვანი ადგილი ეკავოს მედიაბაზარზე.

წლების განმავლობაში ყველაფერი კეთდებოდა საიმისოდ, რომ პირველი არხი, რომელსაც ჰქონდა ყველა წინაპირობა ლიდერობისთვის, სინამდვილეში ყოფილიყო აუტსაიდერი. სახელმწიფო, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უწყობდა სხვა კერძო არხების გაძლიერებას, რომელთა მფლობელებიც კერძო ინტერესებით თუ სხვადასხვა ბერკეტებით საკუთარ ქამარზე ჰყავდა გამობმული. შეგახსენებთ თუნდაც კერძო ტელევიზიებისთვის ბიუჯეტიდან ნაპატიებ ათეულობით მილიონს, რაც ერთი მსხვილი ტელევიზიის აშენებას და აღჭურვას ეყოფოდა.  პირველი არხის განვითარებისთვის კი არაფერი კეთდებოდა, მეტიც, ხშირად მისი ტექნიკური და ადამიანური რესურსი სხვა ტელევიზიების გასაძლიერებლად გამოიყენებოდა. უკვე ყველასთვის ცნობილია და აღარაფერს ვიტყვი იმის შესახებ, როგორ და საიდან იმართებოდა საინფორმაციო პოლიტიკა. ყველაფერმა ამან გამოიწვია მაყურებლის დაკარგვა და პირველი არხი, რომელსაც ყველაზე დიდი პოტენციალი ჰქონდა, იქცა აუტსაიდერად. იგი ვეღარ აწვდიდა მაყურებელს ინფორმაციას და, საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვანწილად კერძო ტელევიზიების იმედად დარჩა.

კერძო ტელევიზიები დიდი სიკეთეა, დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ  – არასაკმარისი, ვინაიდან ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ კერძო ტელევიზიის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ შეიძლება მფლობელის ინტერესების ფილტრი გაიაროს. ასეთი შესაძლებლობა მით უფრო დასაშვებია ისეთ ქვეყნებში, სადაც მედია მფლობელისთვის საინტერესოა არა როგორც ბიზნესი, არამედ როგორც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების საშუალება. სწორედ ამიტომ ევროპაში ვხედავთ დაბალანსებულ ურთიერთიერთობებს,  კონკურენციას კერძო და საზოგადოებრივ ტელევიზიებს შორის და ამიტომაც არსებობენ საზოგადოებრივი ტელევიზიები, რომ მოქალაქე არ დარჩეს მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესების პირისპირ.

ისევე როგორც ევროპაში, რასაკვირველია, საქართველოშიც საზოგადოების ინტერესშია, რომ პირველი არხი იყოს ძლიერი, ყურებადი და მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი!) მთავარი მიმწოდებელი. ქართული მედიაბაზრის ხარისხზე დადებითად არ მეტყველებს ის, რომ დღეს მოქალაქეების უმრავლესობა კერძო არხებიდან იღებს ინფორმაციას და საზოგადოებრივი ტელევიზია არის სუსტი, მით უმეტეს, რომ ეს ვითარება დიდწილად ხელოვნურად შეიქმნა. დაჟინებით მკვიდრდებოდა აზრი და ახლაც ისმის, რომ პირველი არხი განწირულია აუტსაიდერობისთვის და მას არაფერი ეშველება. რასაკვირველია, ეს არის ყოვლად მცდარი მოსაზრება და ამას მალე დავინახავთ. საზოგადოებრივი ტელევიზია გახდება მედიასივრცეში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე და საზოგადოების ინფორმირება და საზოგადოებრივი აზრის შექმნა აღარ იქნება მხოლოდ კერძო არხების პრეროგატივა. ეს პერსპექტივა შეიძლება, არ მოსწონთ ცალკეულ კერძო ჯგუფებს, რომელთაც ამ სფეროზე ლამის მონოპოლია აქვთ, მაგრამ ეს შედის ფართო საზოგადოების ინტერესებში.

 

როდისთვის შეიძლება დაინახოს მაყურებელმა, საზოგადოებამ პირველ არხზე მიმდინარე რეფორმების შედეგი?

ამჟამად პირველ არხზე მიმდინარეობს რეფორმა, მოხდება ტექნიკური გადაიარაღება, ორგანიზაციული გადაწყობა, დაინერგება თანამედროვე მენეჯმენტი, რის პირველ შედეგებსაც სადღაც შორეულ მომავალში კი არა, სულ უახლოეს თვეებში დავინახავთ, როდესაც 26 თებერვალს, ოლიმპიადის დამთავრებისთანავე, ახალ საგაზაფხულო სეზონს გავხსნით.

სინამდვილეში, მე ძალიან მადლობელი ვარ ოპონენტების, რომლებიც დაუნდობელი კრიტიკით მოდუნების საშუალებას არ გვაძლევენ! ამას უაღრესად გულწრფელად ვამბობ. რომ ვაკვირდები, უსამართლო და დაუსაბუთებელი კრიტიკის ფონზე პირველი არხის გუნდი კიდევ უფრო მეტ ენერგიით და ჟინით შრომობს, რათა შედეგი აჩვენოს და დარწმუნებული ვარ, აჩვენებს კიდეც.

კრიტიკა სტიმულს გვაძლევს, თუმცა ერთი მწვავე კითხვა ჩვენც გვიჩნდება, რატომ არ ისმოდა ხმაური, როდესაც პირველი არხი მიზანმიმართულად ნადგურდებოდა და მისი ქონება ნიავდებოდა?! როგორ მივედით იქამდე, რომ შენობა პირდაპირი მნიშვნელობით ინგრევა, არ არის კამერები, ჩართვის აპარატები, “პეტლიჩკები”, დაფეხვილი მანქანები გზადაგზა ფეთქდება და იწვის, არ არის არაფერი. კურიოზია, რომ ტელევიზია დღეს ნათხოვარი “იუპიესით” მუშაობს. პირდაპირ ვიტყვი, ასეთ სავალალო მდგომარეობაში არა მგონია საქართველოში სხვა რომელიმე ორგანიზაცია კიდევ იყოს.

ასეთი მოცემულობა გვაქვს დღეს და როცა ვამბობთ, რომ უახლოეს ხანებში პირველი არხი გახდება ფლაგმანი და ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, ჩვენი ოპონენტები განერვიულდნენ და ახმაურდნენ.

რატომ შფოთავენ?! იმიტომ ხომ არა, რომ პირველი არხი ფეხზე წამოდგომას იწყებს და ეს არ მოსწონთ?! ევროპა ამ შემთხვევაშიც ჩვენთვის ის წინა კაცია, რომელიც ხიდად გამოგვადგება. საზოგადოებრივი მაუწყებელი მთელ ევროპაში მნიშვნელოვანი ფაქტორია მედიასივრცეში, დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ესე იგი აქაც ასე უნდა იყოს. ამას უნდა შეეგუონ პირველი არხის ოპონენტები.

დავიწყეთ ახალი შენობის მშენებლობა, მიმდინარეობს ფართო მასშტაბის ტექნიკური გადაიარაღება, ერთ თვეში გვექნება თანამედროვე ნიუსრუმი, პირველი არხი ყოველდღიურად სულ უფრო ოპერატიული ხდება, გავუშვით ახალი ვებგვერდი შვიდ ენაზე და ამუშავდა საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი იქნება საინფორმაციო სივრცეში. ვიღებთ ქართული სერიალებს, პირველად ბევრი წლის შემდეგ გადავიღეთ ტელესპექტაკლი. ზღაპრული სასწაული ვერ მოხდება, მაგრამ 26 თებერვალს, როდესაც საგაზაფხულო სეზონს გავხსნით, მაყურებელი დაინახავს, რომ ტელევიზია იქოქება. სწორედ ამ რეფორმის ნაწილია საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც პირველი არხის დამოუკიდებლობას და განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. ამ ცვლილებების შედეგად პირველი არხი კიდევ უფრო დამოუკიდებელი ხდება სახელმწიფოსგან და ცალკეული ჩინოვნიკების გავლენებისგან. სწორედ ამ ცვლილების ნაწილია რეკლამის თემაც, რამაც გარკვეული ხმაური გამოიწვია.

 

თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საზოგადოებრივ არხს გარანტირებული დაფინანსება აქვს, ამიტომ არ სჭირდება რეკლამა და ამით თქვენ ანგრევთ სარეკლამო ბაზარს…

ის, რომ ჩვენ, თითქოს, სარეკლამო ბაზარს ვანგრევთ, არის სრული აბსურდი და ამაში იოლად დარწმუნდება ყველა, ვინც ფაქტებს გაეცნობა. თუმცა, მიმდინარეობს ინტერესთა ჭიდილი და, ბუნებრივია, ასეთ რამეს რომ ამბობენ. რასაკვირველია, მათ ასე უნდა თქვან კიდეც,  გასაკვირი და არაბუნებრივი ის იქნებოდა, კერძო არხების მფლობელები და მათ მხარდამჭერები პირველი არხის გაძლიერებისა და განვითარებისთვის რომ იღვწოდნენ. მათ, ცხადია, არ აწყობთ მედიაბაზარზე კონკურენტუნარიანი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მაყურებელს წაართმევთ და ურჩევნიათ, პირველი არხი იყოს სუსტი. არც ერთ მეწარმეს არ უხარია კონკურენცია და ყველას ურჩევნია, მხოლოდ თვითონ იყოს ბაზარზე, მაგრამ კონკურენტული გარემო აწყობს მომხმარებელს, ჩვენს შემთხვევაში კი  – მაყურებელს.

რაც შეეხება რეკლამას, აქ აუცილებელია დაზუსტება. განხილვის პროცესში ზოგიერთი ოპონენტი განზრახ არასწორ სურათს ხატავდა და ცდილობდა ვითარების იმგვარად წარმოჩენას, რომ ჩვენ ვანგრევთ სარეკლამო ბაზარს, ვახრჩობთ კერძო ტელევიზიებს, რაც კატეგორიულად მცდარი აზრია. რა ბაზრის ნგრევაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ჩვენ ვითხოვთ რეკლამის განთავსების უფლებას მხოლოდ დილით და შუადღით და ისიც შეზღუდული დროით. პირველ არხს რეკლამის განთავსების უფლება არ ექნება საღამოს ექვსიდან თორმეტ საათამდე, პრაიმტაიმში, როდესაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს ტელევიზიებს, სადაც მოდის რეკლამის ლომის წილი და როდესაც რეკლამა ყველაზე ძვირი ღირს. კანონი ასეთ აკრძალვას აქამდეც უწესებდა საზოგადოებრივ მაუწყებელს და ეს აკრძალვა ძალაში რჩება, ამას არავინ შეხებია. ვიმეორებ, რეკლამის უფლებას ვითხოვთ მხოლოდ დილით და შუადღით, ისიც შეზღუდული დროით. ამიტომ საუბარი სარეკლამო ბაზრის ნგრევაზე არის აბსურდი. მით უმეტეს, ამ რეიტინგით, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, რეკლამა ფაქტობრივად არაფერს მოგვიტანს, ხოლო რეიტინგის მატების შემთხვევაში მოგვიტანს უმნიშვნელო ფინანსებს.

რასაკვირველია, ყველაზე კარგად სწორედ ჩვენმა ოპონენტებმა იციან, რომ კანონის ცვლილებები არავითარ ხელშესახებ ფინანსებს არ მოგვიტანს, აქ ფინანსებში არ არის საქმე, პირველი არხის მენეჯმენტი გახდება უფრო მოქნილი და საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი, რაც მის განვითარებას შეუწყობს ხელს. დიახ, ჩვენ მოვიზიდავთ მაყურებელს, დიახ, ჩვენ გავზრდით რეიტინგს, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი ჩვენ არ წამოვიღებთ სარეკლამო ბაზრიდან ჩვენი რეიტინგის შესაბამის ფინანსებს, რაც წერია კიდეც კანონში. ჩვენი ოპონენტები და მათი ლობისტები იმიტომ კი არ შფოთავენ, რომ ჩვენ მათ სარეკლამო შემოსავალს წავართმევთ, ასეთი რამ არასდროს მოხდება, არამედ იმის გამო, რომ შეიძლება დასრულდეს კერძო არხების მონოპოლია საზოგადოების ინფორმირებაზე და ამ პროცესიდან თავის დროზე ხელოვნურად განდევნილმა პირველი არხმა ისევ დაიბრუნოს თავისი კუთვნილი ადგილი – არც მეტი, მაგრამ არც ნაკლები.

ახლა კი იმის შესახებ, თუ რატომ გვჭირდება ეს რეკლამა?! დიახ, საზოგადოებრივი მაუწყებელი გარანტირებულად იღებს დაფინანსებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა კერძო არხებისგან განსხვავებით პირველ არხს აქვს თავისი ვალდებულებები და მოვალეობები. თუნდაც სპორტული ასპარეზობები საქართველოს ნაკრებების მონაწილეობით, რისი ტრანსლირებაც არ არის მომგებიანი კერძო არხებისთვის. მაგალითისთვის, ამ დღეებში უეფა-სთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ფეხბურთში საქართველოს ნაკრების თამაშების ტრანსლირების უფლების შეძენაზე. არც ერთ ტელევიზიას არ აწყობს ამ პაკეტის ყიდვა, სამ მილიონ ევროზე მეტი ჯდება და სარეკლამო უკუგება ფაქტობრივად არ ექნება. ბევრი ასეთი მაგალითია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ დავიწყეთ ახალი ტელევიზიის მშენებლობა ახალი აღჭურვილობით, ეს მოითხოვს ძალიან დიდ ხარჯებს, რაც ორ-სამ წელიწადში უნდა გავიღოთ. ასეთი რამ ორმოცდაათ-სამოც წელიწადში ერთხელ ხდება და პირველი არხისთვის კანონით განსაზღვრული დაფინანსება, რომელიც წლიდან წლამდე მიმდინარე ხარჯების დასაფარად არის გამიზნული, ცხადია, რომ მშენებლობის და გადაიარაღების ხარჯებს არ ითვალისწინებდა. მით უმეტეს, ჩვენ არ გვქონდა თანხების დაგროვების უფლება, გაუხარჯავ თანხას ისევ ბიუჯეტი წაიღებდა წლის ბოლოს.

ახლა კი ის მთავარი, რასაც მინდა ყველამ მიაქციოს ყურადღება, ვისაც ეს თემა აინტერესებს. რეკლამის ის მოცულობა, რაც შეიძლება პირველ არხზე განთავსდეს დილით და შუადღით, ფინანსური თვალსაზრით, მით უმეტეს დღევანდელი ჩვენი რეიტინგის პირობებში, იქნება სრულიად მიზერული. თუ პირველი არხი ამ რეიტინგით დარჩა, როგორც ეს შეიძლება ზოგიერთს უნდა კიდეც, ეს ნიშნავს, რომ რეკლამიდან ფაქტობრივად ვერაფერს მივიღებთ. რაიმე შემოსავალზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება საუბარი, თუ პირველი არხის თანამშრომლები თავისი შრომით მოიზიდავენ მაყურებელს, აწევენ რეიტინგს და შესაბამისად რეკლამას.

დღეს ჩვენ რეიტინგის ძალიან დაბალ ნიშნულზე ვართ, რეკლამიდან ფაქტობრივად ვერაფერს ვიღებთ, ამიტომ სწორედ დღეს არის გამართლებული ასეთი კანონის მიღება, რომ ჩვენი შემოსავლის მატება დაუკავშირდეს ჩვენი შრომის ხარისხის მატებას. და აქვე კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ როგორი მაღალიც უნდა გახდეს ჩვენი რეიტინგი, რეკლამის უფლება მხოლოდ დილით და შუადღით გვექნება და აქედან ვერ გვექნება დიდი შემოსავალი.

 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, მაშინ საერთოდ რა  საჭიროა ეს რეკლამა, რომელიც დღეს არაფერს მოგვიტანს, რეიტინგის მატების შემთხვევაშიც კი მხოლოდ მცირედით გაზრდის ჩვენს შემოსავლებს და ამდენ ხმაურს იწვევს?

ავხსნი, რატომაც გვჭირდება. უახლოესი ხუთი წელი ჩვენთვის ძალიან დაძაბული იქნება ფინანსურად, ძალიან დიდი ხარჯები გველის წინ, მოგვიწევს კრედიტების აღება და მათი მომსახურება. რითი უნდა მოვახერხოთ ეს? კანონში შედის კიდევ ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლოს დაზოგილ თანხას ბიუჯეტი აღარ წაიღებს და ეს პირველ არხს მიცემს ფინანსების დაგროვების საშუალებას. ამ დაგროვილი თანხით უნდა აშენდეს ახალი ტელევიზია. ბუნებრივია, ეს ნიშნავს, რომ უკიდურესად ეკონომიურ რეჟიმში უნდა ვიცხოვროთ, პირველ რიგში ეს ეკონომია აისახება ხელფასებზე – ტექნიკურ გადაიარაღებაზე ფულს ვერ დავზოგავთ, ვინაიდან, ამგვარი დაზოგვა გაცილებით ძვირი დაგვიჯდება.

სწორედ რეკლამიდან მიღებული ეს მცირე შემოსავალი გვინდა, მივმართოთ თანამშრომლების ანაზღაურების მატებისკენ, რაც იქნება მნიშვნელოვანი სტიმული, ვინაიდან, ხელფასის ზრდა პირდაპირ იქნება დაკავშირებული გადაცემების ხარისხთან და მაყურებლის მოზიდვასთან. იდეა ამ კანონისა ბევრი ფინანსის მოზიდვა კი არ არის, არამედ ის რომ პირველი არხის თანამშრომლებმა თვალნათლივ იგრძნონ და დაინახონ კონკურენციის სუსხიც და წარმატების გემოც. ამიტომაც არის, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში გარკვეული დოზით დაშვებულია რეკლამა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.

რეკლამის ის წილი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, კოღოს ნაკბენივით იქნება სარეკლამო ბაზრისთვის, სამაგიეროდ, მნიშვნელოვანი სტიმული და გამოცდა იქნება პირველი არხისთვის, ყველა თანამშრომლისთვის და პირველ რიგში მისი მენეჯმენტისთვის.

ასეთი დაბალრეიტინგიანი პირველი არხის არსებობა უბრალოდ დანაშაული მგონია, მით უმეტეს, რომ აქ არის განუზომლად დიდი პოტენციალი, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში სულ სხვა შედეგს მივიღებთ. ამ პოტენციალის გასაძლიერებლად ტარდება რეფორმა და ამ რეფორმის მცირე ნაწილია კანონში ცვლილებები. ჩვენ რასაც ვითხოვთ, მთლიანად ჯდება ევროპულ პრაქტიკისა და კანონმდებლობის მოთხოვნებში. ამავე დროს, არ ვითხოვთ უსასრულო დროს – სულ თერთმეტი თვე გავიდა, რაც დირექტორად ამირჩიეს, უკვე გავიარეთ გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი და მიუხედავად უამრავი პრობლემისა  პირველ არხზე მიმდინარე რეფორმის წარმატებულ შედეგს უკვე სექტემბერში დავინახავთ და, თუ ასე არ მოხდა, იოლად შეიძლება ამ კანონის შეცვლაც და დირექტორის დათხოვნაც.