ვასილ მაღლაფერიძე - პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ ქვეყანაში მრავალფეროვნების შეცნობისა და მნიშვნელოვანი ურთიერთობების კერა იქნება
მრავალფეროვნება არის ჩვენი სიმდიდრე და არა ის, რისიც უნდა გვეშინოდეს, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ “მრავალფეროვანი საქართველოს” პრეზენტაციაზე განაცხადა.
“ვეფხისტყაოსანშიც” ამაზეა საუბარი, რომ “გვაქვს უთვალავი ფერითა” და ამ უთვალავმა ფერმა არ უნდა შეგვაშინოს. ამ სიმდიდრეს თუ გონივრულად გამოვიყენებთ, ძალიან ძლიერები ვიქნებით და ფართოდ დავინახავთ ამ სამყაროს, ამიტომ ეს პროექტი არის დიდი ხედვის პატარა ნაწილი”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, პროექტის მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობის ნაწილი, რომელმაც ცუდად იცის ქართული ენა ან შეიძლება არც იცის, მიიღებს ინფორმაციას სომხურად და აზერბაიჯანულად.
„კიდევ ერთი მიზანი კი ის არის, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ გადაცემებზე იმუშავებენ, ექნებათ პროფესიული წინსვლის და განვითარების საშუალება და ეს არის დიდი სიმდიდრე საქართველოსთვის. ამ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ აქვთ წინსვლის, განვითარების საშუალება. პირადი ურთერთობებიდან ძალიან ბევრი რამ იწყება, ამ მიმართულებით უამრავი რამ არის გაკეთებული. ხშირად ბევრი ხელოვნური ბარიერი თავად უნდა ჩამოვშალოთ. ამ ახალგაზრდებმა დღეს ეს შეძლეს და სულ მალე 24-საათიანი მაუწყებლობა ექნებათ. დარწმუნებული ვარ, აქ უამრავი საინტერესო იდეა გაჩნდება. ჯერ ყველაზე მეტი ბაზა აზერბაიჯანულის და სომხურის მიმართულებით გვქონდა და როგორც კი გაჩნდება საშუალება, დავიწყებთ სხვა ენებზეც მაუწყებლობას. მთავარია, დღეს საფუძველი ჩაეყარა ამ პროექტს”, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, პროექტი მთელი საქართველოსთვის იქნება კულტურათა გაცვლა, ქვეყანაში არსებული მრავალფეროვნების შეცნობისა და ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობის კერის განვითარება.
„ეს პროექტი არის პატარა საფუძველი, რომელსაც ბევრი რამ დაეფუძნება და ამას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი”, – აღნიშნა მაღლაფერიძემ.
პირველმა არხმა ახალი პროექტის, „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია დღეს გამართა.
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებასა და მრავალფეროვან კულტურათა დიალოგის ხელშეწყობას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის საფრანგეთისა და სომხეთის ელჩები, ასევე აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები.