„ტელესკოლას“ როდესაც ვიწყებდით, თინათინ ბერძენიშვილი, რუსუდან მანჯგალაძე, თამარ ციციშვილი და ბევრი ადამიანი, ვინც „ტელესკოლაში“ იყო და მათ შორის მეც, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ ერთ დღეს დანაშაულად ჩამეთვლებოდა „ტელესკოლის“ დახურვა. ვერ წარმოვიდგენდი, „ტელესკოლას“ ასეთი გულშემატკივრობა თუ ეყოლებოდა. დავიტოვებ უფლებას, რომ ეს ფარისევლობა მეგონოს, ბორდის წევრისგანაც და საზოგადოების იმ წევრებისგანაც, რომლებიც ტელევიზიის წარმომადგენლებსაც კი ლანძღავდნენ. ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა ჩვენ ჰომოსაპიენსები ვართ და არ შეიძლება, თქვენ ამას ვერ ხვდებოდეთ.
მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა ყველა თანამშრომელს, რომლებიც მუშაობდნენ.
ჩვენ აქ დღეს იმიტომ არ ვართ, რომ ბიუჯეტი დღეს აღმოვაჩინეთ. მე მაპატიეთ, მაგრამ დღეს ჩვენ ამ საკითხს გვერდს ვუვლით. ბატონმა ლაშა ტუღუშმა ახსენა სიტყვა სპეკულაცია. ჩვენ დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ თითქმის ერთი კვირაა, მიმდინარეობს სპეკულაცია, გნებავთ, პოლიტიკური დაარქვით, გნებავთ, მიზნობრივი, გნებავთ, შარვალჩახდილი ან შარვალამოცმული, სპეკულაცია, სადაც ყველას თავისი მიზნები აქვს.
მენეჯმენტმა წყნარად, მშვიდად, თავისი პრობლემებით, შემოიტანა ბიუჯეტი. ბიუჯეტი არ არის მარტივი დოკუმენტი და დარწმუნებული ვარ, სამეურვეო საბჭოს ყველა წევრმა, თავისი უნარების შესაბამისად, წაიკითხა და გაიგო. გავიდა დრო და, უცებ, მოულოდნელად ატყდა ეს ამბავი, რაც ატყდა. ძალიან კარგად ვუყურებდი ამ პროცესს.
მენეჯმენტმა შემოიტანა მეორე ბიუჯეტიც, რომელიც 6 მილიონ-ნახევრით იყო ნაკლები. საქმე ის გახლავთ, მეგობრებო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რაც არსებობს, ამტკიცებდა პარლამენტისგან კანონით განსაზღვრულ თანხას, რომელიც მოდიოდა ყველასგან შეუთანხმებლად და ამის მიზნობრივ განაწილებაში ეთანხმებოდა ან არ ეთანხმებოდა მენეჯმენტს. პირველად აღმოჩნდა, რომ ახალი რეალობა, 2024 წლის ბიუჯეტი სრულიად მოულოდნელად რამდენიმე დღეში უნდა დაემტკიცებინა. ეს რამდენჯერმე თქვა თინათინ ბერძენიშვილმა. ბორდის რომელიმე წევრმა ეს თუ ვერ გაიგო, მისი მძიმე პრობლემაა, მან შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და სამომავლოდაც ვერ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ეს ჩემი პირადი აზრია. თუ ის ამ პროცესში ვერ გაერკვა და აარიდა თავი, ეს ცალკე საკითხია. მე მაინც ვუშვებ, რომ აარიდა თავი, რადგან შეუძლებელია, ვერ ხვდებოდეს ადამიანი, რომ აქ ორი სხვადასხვა პროცესია.
ვითარება ასეთი კი არ იყო, რომ ბიუჯეტი უნდა მიგვეღო თუ არა. ეს ბიუჯეტი აუცილებლად უნდა მიგვეღო, რათა გაეგრძელებინა მენეჯმენტს თავის საქმიანობა. მენეჯმენტმა ის გადაწყვეტილებები მიიღო, რაც უნდა მიეღო და ამას წინასწარ ვერ მიიღებდა ან არ უნდა მიეღო. მე კონსულტაციაც გავიარე, ალბათ თვითდაშლა უნდა გამოეცხადებინა მაშინ სამეურვეო საბჭოს, რადგან პარლამენტმა თქვა, რომ 91 მილიონის მაგივრად, იქნება 85 მილიონი. რა უნდა გაეკეთებინა? ჩვენ უნდა მიგვეცა თანხმობა, რათა მენეჯმენტს გაეგრძელებინა საქმიანობა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დირექტორი არის ჩვენ მიერ დაქირავებული ადამიანი, უხეშად რომ წარმოიდგინოთ, ხელოსანია, რომელსაც ვაძლევთ სარემონტო სამუშაოებს, მასალებს და უეცრად ჩვენ ვთქვით, რომ არც შპალერია, არც საღებავია, აღარც მასალები და შენ გააკეთე. რასაკვირველია, უკეთესი ფორმებით შეიძლებოდა, უფრო სწრაფად შეიძლებოდა, მაგრამ პარლამენტმა მიიღო ის, რაც მიიღო, ვთქვათ, რომ ამაში იყო კონსენსუსი უმრავლესობასა და უმცირესობას შორის.
ისევ დავუბრუნდები ამ შეკითხვას ყველას გასაგონად: სამეურვეო საბჭო ამ არჩევანის წინაშე იყო – ან უნდა მიეღო ის ბიუჯეტი, ან არ უნდა მიეღო. ყოველგვარი პირობის გარეშე. თუმცა, მენეჯმენტმა იმუშავა, აგერ არის ბიუჯეტი, არსად წასულა, ბიუჯეტის წაკითხვა ვისაც შეუძლია, იქ ყველაფერი ნათელია. ცხადია, რომ ეს გადაცემებს შეეხებოდა, სხვა რამეს ეს, უბრალოდ, ვერ შეეხებოდა.
ვისაც სურვილი ჰქონდა, ყველას ვესაუბრებოდი. მე დეტალურად რაც შემეძლო, ჩემი პოზიცია გითხარით, მე რა ინფორმაციაც მქონდა მაშინ, თქვენ საქმის კურსში იყავით, მაგრამ ჩვენ დღეს აქ ამიტომ არ ვართ, ეს ჩვენ ყველამ ვიცოდით და არაფერი შემოსატანი არ გვქონდა, მეგობრებო.
ახლა გეტყვით მთავარს, ის პროცესი, რომელსაც ასე ტრაგიკულად არ შევაფასებდი, მიმდინარე სამუშაო პროცესია და ნებისმიერ ტელევიზიაში ხდება მსგავსი გადაადგილებები.
სიმართლე ვთქვათ, ცალკეულმა პარლამენტარებმა, ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა, ბორდის ზოგიერთმა წევრმა და კიდევ ცალკეულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ახლა არის დრო, სპეკულაციები დავიწყოთ და ჩემთვის რაღაც გამოვადნო აქედან ან დისკრედიტაცია მოვახდინო.
გეტყვით, როგორ ნაწილდება ეს თითოეულზე, ამოიცნობთ სახელსა და გვარს. დაიწყო იმით, რომ პოლიტიკური ნიშნით იხურება თურმე გადაცემები. ახალგაზრდები ხართ, იყო ჯავშნოსანი „პოტიომკინი“ – ბიჭებო, ბორშჩში მატლებია, ეს არის კლასიკური მაგალითი, რევოლუცია როგორ უნდა დაიწყო, თუმცა რომ იცოდეთ, იმ ბორშჩში მატლები არ იყო. . . აი, იხურება გორგილაძის გადაცემა. ძალიან ყურადღებით ვადევნებდი თვალს ამ პროცესს, მე ყველაფერი ვიცოდი და სრული პასუხისმგებლობით ვეტყვი საზოგადოებას, ბორდის თითოეულ წევრს – რაც უნდოდა, იმდენი იცოდა, შეიძლება, არ უნდოდა და არ აწყობდა, რომ ცოდნა ჰქონოდა. მერე თანდათან აღმოჩნდა, რომ ეს არგუმენტებს ვერ უძლებდა, ზოგიერთ უყურებდა ამ გადაცემას, ზოგიერთს ნანახიც არ ჰქონდა, დღესაც გამოჩნდა, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობით დახურვაზე საუბარი არის აბსურდი, რბილად რომ ვთქვათ.
1100 ადამიანია ტელევიზიაში და ასე იოლად, რაც ენაზე მოადგება ნებისმიერ სხვა ადამიანს, ტელევიზიის ხელმძღვანელობა ვერ ისაუბრებს. ასე იოლად ვერ ისაუბრებს, რომ რაღაც გადაცემა მომწონს, არ მომწონს. მე რომ კაცმა მკითხოს, სამეურვეო საბჭოს წევრსაც უნდა ჰქონდეს ეთიკის კოდექსი. ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ სამეურვეო საბჭომ უარი თქვა ეთიკის კოდექსის მიღებაზე, მხოლოდ თანამშრომლებზე ვრცელდება ეს კოდექსი, მაგრამ შინაგანი ეთიკა მაინც უნდა იყოს. შემდეგ წამოვიდა ბოროტი ნიაღვარი ცილისწამების, ბულინგი, რაც არის წამვლა და ადამიანის ჩაქოლვა. ამ დროს ბორდის წევრის თითოეულ სიტყვას ასმაგი მნიშვნელობა აქვს.
შემდეგ დაიწყო, რომ ვიღაცას ძალიან მოსწონს „ჰოპლა“, მაგრამ ეს პროცესიც მიდის ბულინგის ფორმით.
გეტყვით ერთ სახიფათო ტენდენციას – ბორდის წევრებმა, ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეთ, რატომ ხდება სპეკულაცია, რადგან თანამშრომლებს შეიძლება, გაუჩნდეთ ცდუნება, თუ მე რაღაც მოხდა, მე ყოველთვის შევაფარებ თავს, რადგან პოლიტიკური ნიშნით მხურავენ. ბორდმა თუ არ დაიკავა სწორი პოზიცია, შეიძლება, ჩვენ მივიღოთ მენეჯმენტის დაკომპლექსება. მენეჯმენტმა მიიღო ურთულესი და უზუსტესი გადაწყვეტილებები, მე პირადად ძალიან გამიჭირდებოდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.
ხშირად ვერც ვიგებდი, რას ითხოვდა ბორდის წევრი, ჩვენ ხომ პოლიტიკური ნიშნით ვიყავით შეკრებილი. დღეს მთავარ ბრალდებად მოვისმინე, რომ ბიუჯეტში „ტელესკოლა“ არ წერია, ამაზეც გიპასუხებთ. როცა „ტელესკოლა“ შეიქმნა კონკრეტული საჭიროებისთვის, შემდეგ განვითარდა, შემდეგ იყო ფიქრი, როგორ განვითარებულიყო, ამ განვითარებას სჭირდებოდა ფინანსები. ახლა გვაქვს სამწლიანი ბიუჯეტი და ნათელია, რომ ამ სამწლიანი ბიუჯეტში „ტელესკოლის“ ადგილი არ არის. გრავიტაციის კანონია, რამდენიც არ უნდა მოინდომო ადამიანმა, ჰაერში ვერ იფრენ, ჩამოვარდები.
პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოცემები და ბორდის წევრები მანიპულირებენ თანხებით – აი, მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ასეთია, როდესაც 110 მილიონია ბიუჯეტი… ამის შექმნაში, რაც წერია, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ მონაწილეობდნენ ბორდის წევრი ან წევრები. 110 მილიონი არ არის ბიუჯეტი, ეს ბორდის წევრმაც უნდა იცოდეს. დანარჩენი, mona.ge და შარვალი ჩამხადე, რას იტყვიან, ვისაც მაგათი სჯერა, იმან მიიწებოს შუბლზე, მეტი წიგნს მაინც არ კითხულობენ და ეს წაიკითხონ. ინფორმაციის მიწოდება ნახეთ, რა არის, ეს არის მძიმე და ასეთ რამეს მე ვაფასებ უნამუსობად, ვისგანაც არ უნდა იყოს. მე კი არ ვაფასებ, კაცობრიობა აფასებს ასე, ნოედან დაიწყო…
შემოვიდა ბიუჯეტი – 91 მილიონი, შემდეგ შემოვიდა ბიუჯეტი, რომელიც იყო 85 მილიონი. ჩვენ დღეს კითხვას ვსვამთ, რატომ არ განგვიმარტეთ, ამას ვერ იზამდა მენეჯმენტი, რადგან ბიუჯეტი ბორდს უნდა მიეღო.
პატივცემულო ბორდის წევრებო, თქვენ ის არა ხართ, ვისაც 91 მილიონიანი ბიუჯეტი შემოგიტანეთ, რატომ არ ამტკიცებთ ამას? მე, ასე თუ ისე, მხარდაჭერას ველოდი. ერთი წელი მქონდა, პარლამენტში რომ მევლო, მეორე წელს კომიტეტები მოვიარე – ხშირად ფიქსირდებოდა და თქვენც მოგისმენიათ კოლეგებისა და მეგობრებისგან, რომ ეს არხი საერთოდ დასახურია, კონკრეტული ადამიანები და სახეები მახსოვს, ამას რომ ამტკიცებდნენ.
მეკითხებით, ბორდის სხდომაზე თინათინ ბერძენიშვილის ნდობის საკითხი უნდა დამდგარიყო თუ არა, მე გეუბნებით – დიახ, მე ნდობას ვუცხადებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს. არავითარი პოლიტიკა არ ყოფილა, ეს იყო პროცესი გამომდინარე ახალი მოცემულობიდან. დიდი იმედი მაქვს, ადამიანები, რომლებიც ამ გადაცემებს ქმნიდნენ და უძღვებოდნენ, ისევ თინათინის ხელმძღვანელობით ამას გააგრძელებენ.
ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი დიდი საფრთხე – სოციალური ქსელების არასწორად გამოყენება, „ფეისბუქით“ ძალიან გაიოლდა ადამიანის ჩაქოლვა. მე ამას მიჩვეული ვარ, იმდენად ღრმა არის ჩემი უპატივცემულობა იმ საიტების მიმართ, რომლებიც ავრცელებს სიბინძურეს, ეს ჩემზე არ მოქმედებს. თინათინ ბერძენიშვილმა ამომწურავად წარადგინა ყველა საკითხი, ერთი შეკითხვაც არ მაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი კარგად და ყოჩაღად გაართმევს თავს ამოცანებს, კიდევ ბევრ საინტერესო გადაცემას გააკეთებს.