ვასილ მაღლაფერიძე - განათლების სამინისტროსთან ერთად დაწყებული ახალი საგანმანათლებლო პროექტისთვის საკმაოდ სერიოზული და ძლიერი მედიაპლატფორმები გვაქვს
ვასილ მაღლაფერიძე - განათლების სამინისტროსთან ერთად დაწყებული ახალი საგანმანათლებლო პროექტისთვის საკმაოდ სერიოზული და ძლიერი მედიაპლატფორმები გვაქვს

განათლების სამინისტროსთან ერთად დაწყებული ახალი საგანმანათლებლო პროექტისთვის, რომელიც მოსწავლეებისთვის ტელე-ონლაინ სწავლებას ითვალისწინებს, საქართველოს პირველ არხს საკმაოდ სერიოზული და ძლიერი მედიაპლატფორმები აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პროექტში ჩართული არიან მაღალი დონის სპეციალისტები.

კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები  და ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო შედეგამდე მივედით. სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად ვთანამშრომლობთ დაახლოებით 10 დღეა და დღეს უკვე საბოლოოდ შევთანხმდით ძირითად პარამეტრებზე, ეს არის ტელე-ონლაინ სწავლება, რისთვისაც გამოყენებული იქნება ჩვენი მედიაპლატფორმები.

დარგის სპეციალისტებმა დაამუშავეს პროგრამები და კურიკულუმები, როგორი უნდა იყოს სწავლება, რომ ბავშვებმა მაქსიმალური ცოდნა მიიღონ.

გარდა ამისა, საქართველოს პირველ არხს აქვს საკმაოდ მდიდარი ფილმოთეკა, კიდევ შევიძენთ ახალი ტექნოლოგიებით უმაღლეს დონეზე გადაღებულ, მათ შორის „ბიბისის“ ფილმებს. ეს არის საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და ისტორიული ხასიათის ფილმები, რომელიც იქნება ქართულად ნათარგმნი. ამ ფილმებს სასწავლო პროგრამებთან ერთად შევთავაზებთ.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამ დარგის წარმომადგენელი ვიყავი და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ისეთი კარგი შედეგი მივიღეთ, რომ ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ სამომავლოდაც და უფრო ფართო მასშტაბით. ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება, როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლებისთვის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საქართველოს განათლების სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ტელე-ონლაინ საგანამანათლებლო პროექტს იწყებს. ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროექტით შესაძლებელი იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებით სასწავლო პროგრამების მიწოდება. პროექტზე მუშაობა რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა და დღეს უკვე პროექტი წარმოებაში ჩაეშვა.