ვასილ მაღლაფერიძე - დადგა დღე, როცა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის სახელით მადლობას ეუბნება თამაზ ტყემალაძეს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს ჩვენი ლიტერატურის პოპულარიზაციაში
დადგა დღე, როცა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის სახელით მადლობას ეუბნება თამაზ ტყემალაძეს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს ჩვენი ლიტერატურის პოპულარიზაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორის, თამაზ ტყემალაძის ღირსების მედლით დაჯილდოების ცერემონიაზე, პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა.
„ეს ოფიციალური შეხვედრა არის, მაგრამ ის დღეა, როდესაც ადამიანები გულწრფელები უნდა ვიყოთ. ჩემი ურთიერთობა თამაზთან 45 წელიწადია, სხვადასხვა ამპლუაში გრძელდება. მაქვს უფლება, შენობით ვესაუბრო. თამაზი მე-9 კლასში ჩემი ქართულის მასწავლებელი იყო, მთელ კლასს დღემდე ახსოვს მისი ახსნილი „განდეგილი“, ეს არის ერთი მოსაგონარი. ამას ყასიდად, სიტყვის მასალად არ ვამბობ. ეს იყო სრულიად განსაკუთრებული მოვლენა, როდესაც კლასში შემოვიდა და გაკვეთილი აგვიხსნა. შემდეგ იყო ჩემი უფროსი მეგობარი და რაზმის მეთაური, როცა შორეულ ყაზახეთში მე-9 კლასელი მოსწავლე წამიყვანა სტუდენტებთან ერთად და ჩვენ ყაზახეთის სტეპებში ვიყავით მთელი პერიპეტიებით. შემდეგ უნივერსიტეტში იყო ჩემი უფროსი მეგობარი და ფილოლოგი. შემდეგ ისე მოიტანა ცხოვრებამ, სულ ერთად ვიყავით. დღეს იუმორისტული ფინალია ჩვენი ურთიერთობის – მე ვარ დირექტორი და თამაზი არის ჩვენი ტელევიზიის ენის მთავარი რედაქტორი და სპეციალისტი. რაღაცნაირად ბოლოსკენ მე გავუუფროსდი თამაზს და გვერდიგვერდ ოთახებში ვართ.
ახალგაზრდობის დროს, ძალიან ბევრი წელი გაგვიტარებია დამოუკიდებელ საქართველოზე საუბარში, როგორ იქნებოდა. ზოგჯერ ეს შორეულ ოცნებად ჩანდა, ზოგჯერ ვფიქრობდით, რომ ჩვენ რაღაც უნდა გაგვეკეთებინა და ამას ვერ მოვესწრებოდით, მაგრამ ოდესღაც ეს იქნებოდა. დღეს ვფიქრობდი – დადგა ის დღე, როცა ყველაფერს თავის სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი მთელი საზოგადოებისა და ქვეყნის სახელით მადლობას ეუბნება ადამიანს, რომელმაც ეს მართლაც დაიმსახურა, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩვენი ლიტერატურის პოპულარიზაციაში, მაღალი გემოვნებისა და მოქალაქეობის დამკვიდრებაში. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამის, როგორც ერთი მოქალაქე. ამ დღისთვის, რაც გარკვეულწილად პრეზიდენტის ინიციატივა იყო, გვაქვს მცირე საჩუქარი მისი მეგობრებისთვის და საზოგადოებისთვის – ეს არის ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძისა და ლადო ასათიანის ჩანაწერები ორ დისკზე. ეს ნამდვილად დიდ სიამოვნებას მიანიჭებს ლიტერატურის მოყვარულებს. ასეთი უნდა იყოს ყველა ქართველი. ჩემო თამაზ, შენი ოთახი გელოდება, შენს მცენარეებს მთელი ტელევიზია ვრწყავთ დაუღალავად და გელოდებით შემოქმედებითი გეგმებით. უახლოეს ხანებში ახალი სეზონი მოდის, შემოგვიდექი მხარში და პირველ არხში, რომელიც უნდა ემსახუროს საქართველოს, გავაგრძელოთ ეს საქმე ერთად. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც შენ გააკეთე ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორი თამაზ ტყემალაძე ღირსების მედლით დღეს დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიას თამაზ ტყემალაძის მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ.