ვაშლიჯვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლიდან მოსახლეობა ქირით გაიყვანეს
ვაშლიჯვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლიდან მოსახლეობა ქირით გაიყვანეს

საბურთალოს რაიონის გამგებლის, გაიოზ ვასაძის ინფორმაციით, სარაჯიშვილის ქუჩაზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობა უკვე გაყვანილია.

გამგებლის განცხადებით, ექვსსულიან ოჯახს გამგეობა ბინის ქირის კომპენსაციით დააკმაყოფილებს.

„ამ ეტაპზე უმთავრესი მიზანი არის მოსახლეობის უსაფრთხოება. საბურთალოს რაიონის გამგეობა ამ ოჯახს ბინის ქირის კომპენსაციით დააკმაყოფილებს“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საბურთალოს რაიონის გამგებლის თქმით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.

„პირველ რიგში, არის გასარკვევი, რამ გამოიწვია და რა მიზეზების გამო მოხდა ჩამოშლა. შესაბამისი ექსპერტიზა ამას დაადგენს. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა და უმოკლეს ვადაში დავიწყებთ მოქმედებას. დაიწყო შესაბამისი მოქმედებები, რათა მომავალში გამოვრიცხოთ ანალოგიური შემთხვევები. მას შემდეგ, როცა გვექნება პასუხი, დავგეგმავთ შესაბამისად, როგორ მოვიქცეთ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

ძლიერი წვიმის შედეგად, ვაშლიჯვარში მეწყერსაწინააღმდეგო კედელი ჩამოიშალა, რომელმაც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი დააზიანა.