ვაშინგტონში გამართულ სამიტს ღაზას ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ პალესტინური მხარე არ დაესწრება
პალესტინის ავტონომიურმა მთავრობამ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მიწვევა არ მიიღო. ღაზას სექტორში მძვინვარე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ 13 მარტს დაგეგმილ სამიტს პალესტინური მხარე არ დაესწრება. სამიტი ვაშინგტონში გაიმართება.
პალესტინური პარტია „ფათჰის“ წევრმა აჰმედ მაჯდალანიმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორი არა ჰუმანიტარული კრიზისის ჭრილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში უნდა იყოს განხილული.
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი პალესტინის ავტონომიური მთავრობა კრიტიკულად მას შემდეგ განეწყო, რაც ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა. აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში 2018 წლის მაისში გადავა.
ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ფონზე, იერუსალიმს გაერო-სგან გაყოფილი ერთეულის სტატუსი აქვს მინიჭებული. გაერო-მ ტრამპის აღიარებას მხარი არ დაუჭირა.