ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

ვაშინგტონში დღეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ განათლების, სპორტის, კულტურის, ჯანდაცვის, სტრატეგიული კომუნიკაციების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის საკითხებს. ამერიკელ კოლეგებთან ერთად, შეჯამდება ამ სფეროებში მიღწეული პროგრესი, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.

აშშ-ის მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან საჯარო დიპლომატიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე შერონ ჰადსონ-დინი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოქმედი თანაშემწე მარგო ელისი.