ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

ვაშინგტონში დღეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი.

სამუშაო ჯგუფში ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯოელ სტარი და რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ლორა კუპერი.

მხარეები განიხილავენ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით მიღწეულ პროგრესს, ასევე საზღვაო და კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. საუბარი ასევე შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

დატოვე კომენტარი