ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მხრიდან უწყებათშორის დელეგაციას ​ხელმძღვანელობდნენ და შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. აშშ-ს მხრიდან შეხვედრას უძღვებოდნენ პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოელ სტარი და რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ლორა კუპერი.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით აშშ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ასევე, მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები. მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და გამძლეობის ამაღლების მიზნით საქართველოში მიმდინარე ეფექტიან რეფორმებსა და კონკრეტულ ღონისძიებებზე. აშშ-ის მხარემ განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების პროცესში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობებისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერების მიზნით.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი 2019 წლის ნოემბერში მოეწერა. აღნიშნული დოკუმენტი მკაფიოდ განსაზღვრავს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთო მიზნებს და თვისებრივად ახალ საფეხურზე გადაჰყავს ამ სფეროში ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებას რუსეთის აგრესიული, პროვოკაციული ქმედებების ფონზე. ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმენიტარული კუთხით შექმნილ საგანგაშო ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებების შედეგად ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევების კონკრეტულ ფაქტებზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე. ამერიკულმა მხარემ დაგმო საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა.

აშშ-ის მხარემ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით აქტიური ჩართულობა, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გარემო და ამ კუთხით არსებული გამოწვევები. აშშ და საქართველოს დელეგაციების წევრებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში და გამოთქვეს მზაობა, განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.

მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მიერ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით მიღწეული პროგრესი, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება და აშშ-ის მიერ ამ პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ქართულ მხარეს აღუთქვა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ალიანსის წევრობისთვის მოსამზადებელ პროცესში. აშშ მხარემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში და კერძოდ, ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარების კონკრეტულ გზებზე და მათ შორის, საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) გაძლიერებაზე. ხაზი გაესვა, რომ აშშ მზადაა ამ მიზნით ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობისა და კონკრეტული, მიზანზე ორიენტირებული მხარდაჭერისთვის.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ასევე, სიღრმისეულად განიხილეს კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში არსებული გამოწვევები და საქართველოს კიბერთავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერების კონკრეტული გზები. ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და რეგიონში ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე მხარეებმა კიბერსივრცის პრიორიტეტულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, დასახეს სამომავლო გეგმები და ამ სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

ამერიკულმა მხარემ აღნიშნა საქართველოს, როგორც განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის როლი, მათ შორის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამიისტროს პრესსამსახური ავრცელებს.