ვაშინგტონში ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ ალექსანდრე ქართველის ასოციაციასთან ერთად ალექსანდრე ქართველისადმი მიღძვნილი საღამოების ციკლის Alexander Kartveli STEM Speaker Series გახსნით საღამოს უმასპინძლა. საქართველოში დაბადებული ალექსანდრე ქართველიშვილი აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად არის მიჩნეული. საღამოების ციკლი მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საღამო საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ გახსნა. მან NASA-ს მიერ კოსმოსში ქართული სიმღერის ჩაკრულოს გაშვება აღნიშნა. საღამოზე ასევე სიტყვით გამოვიდა ალექსანდრე ქართველის ასოციაციის პრეზიდენტი რიჩარდ რუბინი, რომელმაც ალექსანდრე ქართველის ცხოვრებასა და მის ნამუშევრებზე ისაუბრა.
გახსნით საღამოზე სიტყვით წარსდგა NASA-ს ცნობილი ინჟინერი, ჯონ კასანი, რომელიც 50 წელზე მეტია, სხვადასხვა კოსმოსურ მისიებს აწყობს. სიტყვით გამოსვლისას, ჯონ კასანიმ საკუთარ მისიებსა და NASA-ს მიერ ჩატარებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა.