ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევის ცენტრში საქართველოს შესახებ იმსჯელეს
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) გამართულ კონფერენციაზე, Doing Business ანგარიშის თხუთმეტი წელი: მომავალი გეზის შესაძლებლობები (Fifteen Years of Doing Business: Opportunities for Future Directions) სიტყვით გამოვიდა. მან საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივესა და თავისუფალ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე აღინიშნა რომ, საქართველო გამორჩეულად წარმატებული ქვეყნის მაგალითია, რომელმაც თავისუფალი და მოსახერხებელი ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვან ათეულშია.
Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, რაც საქართველოს წარმატებული ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის და თავრობის მიერ გატარებულ რეფორმების შედეგია.
„რეიტინგის 20 მოწინავე ქვეყნიდან, საქართველომ რომელსაც მეცხრე ადგილია უკავია, ყველაზე მეტი რეფორმა განახორციელა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდა, როგორც ლიდერი რეგიონში და ფრაზა „ბიზნესის კეთების სიმარტივე“ ზუსტად მიესადაგება ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ბიზნეს გარემოს“ – განაცხადა გიორგი ციკოლიამ.
საქართველოს წარმატებული მაგალითი სხვა გამომსვლელების მიერ შეფასდა, როგორც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის სწრაფი განვითარებისათვის სწორად დაგეგმილი სტრატეგია. კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ მსოფლიო ბანკის უფროსი მენეჯმენტის წარმომადგენლები და სხვადასხვა ეკონომიკური კვლევითი ცენტრის მკვლევარები.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ანგარიში Doing Business ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეიტინგული კვლევაა, რომელიც მსოფლიო ქვეყნებს ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით სწავლობს და ქვეყნების რეიტინგს ადგენს. Doing Business ანგარიში ყოველწლიურად პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებებისა თუ სპეციალისტების დიდ ყურადღებას იპყრობს. ანგარიშის გამოქვეყნების 15 წლის მანძილზე საერთო რეიტინგი და ცალკეული ქვეყნების სიღრმისეული კვლევა აღნიშნული სფეროს განვითარებისა და რეგულაციების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა.