ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ საექსპორტო შეზღუდვებს აფართოებს. დამატებითი შეზღუდვები, რომლებიც ძალაში 18 მარტიდან შედის, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლას უკავშირდება.
ახალი ზომები შეიარაღების ექსპორტსა და იმპორტს, ასევე სამხედრო დანიშნულების მომსახურებას კრძალავს.
„როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ, დისიდენტების წინააღმდეგ უკანონო ნერვული აგენტების გამოყენებით, რუსეთის მთავრობა მოქმედებდა ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების უხეში დარღვევით და პირდაპირ აყენებდა სიკვდილის საფრთხის წინაშე საკუთარ და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ვაჭრობის დეპარტამენტი მიისწრაფის, შეუზღუდოს რუსეთს ამერიკულ მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე წვდომა, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით მის მავნებლურ საქმიანობაში“, – ნათქვამია აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაში.