„ვაშინგტონ თაიმსში“ აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის, უესლი (უეს) მარტინის სტატია გამოქვეყნდა სათაურით – „საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგიების მიმდინარე გადათამაშებაში“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპასა და აზიაში მიმდინარეობს გეოპოლიტიკური სტრატეგიების გადათამაშება, ხოლო ამ თავსატეხის გაბნეული ფიგურები კავკასიაში იყრის თავს, მათ შორის სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
„აქ კი საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ქვეყანა წარმოადგენს მოვლენების ეპიცენტრს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უფრო მეტი დევს ფსონზე, ვიდრე ოდესმე. ჩინეთის ამბიციური „სარტყელის და გზის“ ინიციატივა მთელ ევრაზიას მოიცავს, ხოლო რეგრესის გზაზე მყოფი რუსეთი ცდილობს, მიუერთდეს ჩინეთის დინამიზმს და ამავე დროს, არ დათმოს ჰეგემონია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ცენტრალური აზია რეფორმების გზით ადასტურებს თავის ეკონომიკურ პოტენციალს, ხოლო თურქეთი „ეთამაშება“ ახალ ხედვებს თავისი სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ არაევროპულ მომავალში.
ჩინეთიც და რუსეთიც, ამერიკაც და ევროპაც – ყველა ეძებს სტაბილურობის განმტკიცების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის და სტრატეგიული უპირატესობის მიღწევის გზებს. ყველა ეს ტრაექტორია კი, თავს იყრის კავკასიაში, სადაც ყველა წამყვანი მოთამაშე ცდილობს, დაიკავოს პოლიტიკური გავლენის და ეკონომიკური უპირატესობის მოპოვებისთვის ხელსაყრელი პოზიცია, სადაც ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძები ერთმანეთს კვეთს“, – აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს პოზიციებს სპარსეთის ყურესა და ავღანეთში, ყოფილი საბჭოთა რეგიონები, მათ შორის კავკასია და ცენტრალური აზია, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
„ვაშინგტონის ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანთან დღესაც გართულებულია 1988 წელს დაწყებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო. მეორეს მხრივ, პროდასავლური საქართველო, ისრაელთან ერთად, წარმოადგენს ამერიკის ყველაზე ერთგულ და სანდო მეგობარს და მოკავშირეს ფართო რეგიონში.
კავკასიაში განლაგებული საქართველო წარმოადგენს სახმელეთო ხიდს ევროპასა და აზიას, შავ და კასპიის ზღვებს შორის. ათასწლეულების განმავლობაში ქვეყანამ გადაიტანა სპარსელების, ოსმალების, რუსებისა და მონღოლების შემოსევები და ყოველ ჯერზე, ქართველები იგერიებდნენ მჩაგვრელებს“, – ნათქვამია სტატიაში.
ავტორი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო კიდევ ერთხელ აღდგა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არამდგრად, ფეთქებად გარემოში.
„საქართველოს სათავეში უდგას სტაბილური და დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კავშირების განსამტკიცებლად, განსაკუთრებით ბოლო წლებში, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ გზაზე სვლა შესაბამის უნარებს და სიზუსტეს მოითხოვს.
11 სექტემბრის მოვლენებზე ამერიკის პასუხის და ერაყში საომარი მოქმედებების მხარდაჭერის მიზნით, საქართველომ ავღანეთსა და ერაყში 3500 მებრძოლი გააგზავნა. 2008 წელს კი, რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დაიკავა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, – წერია „ვაშინგტონ თაიმსის“ სტატიაში.
ავტორს ოკუპაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სიტყვები მოჰყავს.
„სწორედ ამაზე მიუთითებდა გიორგი გახარია სექტემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნისას: „საქართველოს ეკონომიკის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20 პროცენტი არის ოკუპირებული – ამაშია ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი მუხრუჭი“.
გახარიამ ასევე მკაფიოდ დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს უახლოესი მოკავშირეა და რომ საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერება მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.
ახალ თანამდებობაზე გახარია შთამბეჭდავი ბიოგრაფიით მოვიდა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ბიზნესში, მათ შორის ავიაკომპანია „ლუფტჰანზაში“, ხოლო შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში და დაინიშნა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე. შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ასევე ეკონომიკის და შემდეგ – შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. იგი ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს რეფორმების განხორციელებას ანგარიშვალდებულების, ღიაობის და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
მისმა წარმატებულმა საქმიანობამ ეკონომიკის სექტორში მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ბოლო ინდექსში საქართველო მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო ხელისუფლების ეფექტიანობის და კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას ბატონმა გახარიამ თავის კომენტარებში ასევე მოუწოდა არსებული ფორმატების „ჭკვიანურად და რაციონალურად“ გამოყენებისკენ რუსეთთან ურთიერთობებში და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან მიმართებაში. გახარია აცნობიერებს, რომ ღია სამხედრო კონფრონტაცია რუსეთთან კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. მას ასევე ახსოვს, რომ სამხედრო ინტერვენციას რუსეთის მხრიდან წინ უძღოდა კიბერშეტევა, რომელმაც გაანეიტრალა საქართველოს მთავრობა და ფინანსური ინსტიტუტები.
გახარიას აქვს საკმარისი გამოცდილება და უნარი, რათა გაუძღვეს საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-სკენ მოსკოვის პირდაპირი პროვოცირების გარეშე. რუსეთი წარმოადგენს უმთავრეს, თუმცა არა ერთადერთ პრობლემას უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუკი მდგომარეობა რეგიონში არ შეიცვალა, მხოლოდ დროის საკითხია, რომ აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებმა რეგიონში ყურადღება საქართველოზე გადაიტანონ“, – ნათქვამია სტატიაში.
ავტორი მიუთითებს, რომ 1400-ზე მეტი წლის განმავლობაში საქართველომ გამოზარდა დიდი ლიდერები, რომლებიც ერთ მუშტად კრავდნენ ქვეყანას და კრიტიკულ მომენტში ამარცხებდნენ მტერს.
ასევე სტატიის ავტორი ქვეყნის შიდა დაპირისპირებებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ შიდა დაპირისპირებები საფრთხეს უქმნის სტაბილურობას.
„იმავე დროის განმავლობაში, საქართველოს გადატანილი აქვს შიდა დაპირისპირებები, რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. დღესაც შიდა ბრძოლა დომინირებს ქართულ პოლიტიკაში და ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას.
გიორგი გახარიას რთული გზა ელოდება წინ. მას ამ გზის გავლის უნარი შესწევს, თუმცა ამას დრო დასჭირდება და ამისთვის თავისი ერის, ევროპის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა დასჭირდება“, – აღნიშნულია „ვაშინგტონ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.