„ვაშინგტონ პოსტი“ - უკრაინის საზღვართან რუსული დანაყოფების გადაადგილება აშშ-სა და ევროპაში შეშფოთებას იწვევს
უკრაინის საზღვართან რუსული დანაყოფების გადაადგილება აშშ-სა და ევროპაში შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების განახლებულმა გაძლიერებამ აშშ-სა და ევროპაში ზოგიერთი ოფიციალური პირის შეშფოთება გამოიწვია, რომლებიც რუსეთის დასავლეთ ფლანგზე სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის არარეგულარულ გადაადგილებაზე საუბრობენ. ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები „ვაშინგტონ პოსტს“ ანონიმურად ესაუბრნენ.
გამოცემა წერს, რომ რუსული ძალების გადაადგილება აღნიშნულ რაიონში კრემლის მიერ უკრაინასთან მიმართებაში უფრო ხისტი ხაზის დაკავების ფონზე შეინიშნება. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ აღნიშნავს, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, პრეზიდენტ პუტინის ჩათვლით, ბოლო თვეებში გააძლიეროს თავიანთი რიტორიკა კიევის დასავლეთთან კავშირების წინააღმდეგ და მისი სუვერენიტეტიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. პუტინმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ნებისმიერი გაფართოება უკრაინის ტერიტორიაზე წარმოადგენს „წითელ ხაზს“ მოსკოვისთვის.
უკრაინის საზღვართან რუსული ძალების გადაადგილება დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის ახალ ფაზაზე გადასვლის ფონზე ხდება. 26 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის უწყებაში დაადასტურეს, რომ პირველად გამოიყენეს თურქული წარმოების დრონი დონბასში მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის წინააღმდეგ. ამავე დროს, ურთიერთობები მოსკოვსა და ნატო-ს შორის განსაკუთრებით დაძაბულია. რუსეთმა 18 ოქტომბერს ნატო-ში თავისი მისიის მუშაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ალიანსმა რუსეთის მისიის რვა წევრი გააძევა ჯაშუშობის ბრალდებით.
უცნობია, თუ რას აკეთებენ რუსული ძალები უკრაინის საზღვართან. ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოკადრებში ჩანს რუსული სამხედრო ეშელონები და ავტოკოლონები, რომლებითაც ხდება სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობის ტრანსპორტირება, მათ შორის ტანკებისა და რაკეტების.
ვირჯინიაში ბაზირებული არასამთავრობო ანალიტიკური ჯგუფის, „სამხედრო საზღვაო ანალიზის ცენტრის“ რუსეთის კვლევების პროგრამის დირექტორი მაიკ კოფმანი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ მისი აზრით, სამხედრო დანაყოფების გადაადგილება წვრთნას არ ჰგავს. ის აღნიშნავს, რომ სატელიტური გამოსახულებების თანახმად, რუსეთის 41-ე არმიის დანაყოფები, რომლებიც ჩვეულებრივ ნოვოსიბირკშია განთავსებული, სექტემბერში ჩატარებული რუსეთ-ბელაურის ერთობლივი წვრთნების დასრულების შემდეგ, დისლოკაციის ადგილას არ დაუბრუნდნენ, არამედ შეუერთდნენ რუსეთის სხვა ძლებს უკრაინის საზღვართან. კოფმანის ცნობით, სატელიტური გამოსახულებები ასევე აჩვენებს, რომ მოსკოვის მახლობლად ბაზირებული ელიტური დანაყოფი, პირველი გვარდიის სატანკო არმიის პერსონალი და ტექნიკა ასევე გადაჰყავთ უკრაინისკენ.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთ-ბელარუსის წვრთნების „ზაპად 2021-ის“ შემდგომ, რუსეთმა სამხედრო აღჭურვილობა, ასევე მართვისა და კომუნიკაციის ცენტრები უკრაინის საზღვრის გასწვრივ არსებულ პოლიგონებზე დატოვა. დანილოვის შეფასებით, უკრაინის საზღვართან რუსეთს დისლოცირებული ჰყავს 80 ათასიდან 90 ათასამდე სამხედრო, ამასთან ათობით ათასი ჯარისკაცი დისლოცირებულია ოკუპირებულ ყირიმში.