„ვაშინგტონ პოსტი“ - უკრაინის მთავრობამ თეთრ სახლს აცნობა ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, რასაც აშშ-ში მხარი არ დაუჭირეს
„ვაშინგტონ პოსტი“ - უკრაინის მთავრობამ თეთრ სახლს აცნობა ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, რასაც აშშ-ში მხარი არ დაუჭირეს

უკრაინის მთავრობამ თეთრ სახლს აცნობა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა, – ამის შესახებ აღნიშნულია „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში.

ამერიკული გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას, მაგრამ არ გააპროტესტეს და აღიარეს ასეთი ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტის სუვერენულ არჩევნად.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ზელენსკიმ, შეიძლება, ზალუჟნის გადაყენების გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გადადოს, მაგრამ „ეს ნაკლებად სავარაუდოა“.

ცნობისთვის, 29 იანვარს უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს და მას ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. ამასთან, გამოცემა „ეკონომისტმა“ დაწერა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ალექსანდრ სირსკის და კირილ ბუდანოვს განიხილავს.