შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს.
სტატიის ავტორი იზაბელ ხურშუდიანი კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყანად მოიხსენიებს.
„გვერდით გადადეთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს აქვს ახალი ტურისტული მოედანი, ადგილი პანდემიისგან დასასვენებლად. საქართველოს რეაგირება ახალ კორონავირუსზე წარმატებული ისტორიაა“, – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი წერს, რომ საქართველო ერთადერთი არ არის, რომელიც „კოვიდ-19“-ის შემდეგ, ტურიზმისგან სარგებლის მიღებას ცდილობს, თუმცა, სამხრეთ კავკასიის ქვეყანა, გვთავაზობს გარკვეულ სტრატეგიებს, მაგალითად, როგორიცაა ინფექციის გავრცელების დაბალი დონე.
„უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ შეიძლება იმდენივე ტურისტი არ გვყავდეს, როგორც გასულ წელს, თუმცა ჩვენ უნდა დავამატოთ ეს კონკურენტული უპირატესობა ჩვენს ტრადიციულ კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, ჩვენი 8000-წლიანი მეღვინეობა, ჩვენი სამზარეულო, კულტურა და სტუმართმოყვარეობა“, – მოჰყავს მოყვანილია სტატიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ციტატა.
როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც სიფრთხილით იწყებს ტურიზმის ინდუსტრიის განახლებას, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, როგორც პოტენციური მოგზაურებისთვის, ასევე ადგილზე მყოფთათვის.
სტატიაში ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებაცაა მოყვანილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ როდესაც პირველი ივლისიდან საქართველო მის საზღვრებს გახსნის, ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. როგორც მინისტრი განმარტავს, საქართველო ტურისტებს ელის ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც ეპიდემიოლოგიურად მეტ-ნაკლებად საქართველოს მსგავსი ვითარება აქვთ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოუწოდა ქართველ ელჩებს, იყვნენ საქართველოს მთავარი მარკეტოლოგები იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებიან.
„საქართველოსთან „უსაფრთხო დერეფნის“ უზრუნველყოფით პირდაპირი ფრენები განხორციელდება. ტურისტები ისრაელიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, საბერძნეთიდან და ბალტიის ქვეყნებიდან, საქართველოს სიაში მოწინავე პოზიციებზე არიან“, – ნათქვამია სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ჯერ უცნობია, როდის დაუშვებს საქართველო ქვეყანაში აშშ-დან მოგზაურებს. როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, ზოგიერთი ქვეყნიდან ტურისტებს შესაძლოა, დასჭირდეთ წინასწარ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი შედეგის წარმოდგენა.
„თუ ჩვენ ნებისმიერისთვის ღია ვიქნებით, ეს ნიშნავს ერთ დღეში გაანადგურო ჩვენი უსაფრთხოება. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა თანაბარ მდგომარეობაში არ არის. თუმცა, გვჯერა, რომ „კოვიდთან“ ბრძოლის შემდეგ, მეტი და მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფანს“, – მოყვანილია სტატიაში ნათია თურნავას ციტატა.
როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოში სტუმრობა ყოველთვის „უსაფრთხოდ“ არ განიხილებოდა, განსაკუთრებით მის ჩრდილოელ მეზობელ რუსეთთან დაძაბულობის გამო. ავტორი იხსენებს, 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს, როდესაც 12 წლის წინ ორი ქვეყანა ჩაერთო მოკლევადიან ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამო. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ გასულ ზაფხულს რუსეთის პრეზიდენტმა დროებით აკრძალა საქართველოში ფრენები.
„თუმცა საქართველომ ტურისტების ზრდა იხილა – 2001 წელს მხოლოდ სამი მილიონი ტურისტიდან გასულ წელს ცხრა მილიონამდე“, – აღნიშნულია სტატიაშია.
აქვე მოყვანილია ნათია თურნავას განცხადება, რომ ტურიზმის სექტორზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტი მოდის.
„ჩვენთვის, ჩვენს ისტორიულ ტრადიციებთან ეს საქმიანობა ძალიან ახლოსაა. ჩვენ ვამბობთ ხოლმე – „სტუმარი ღვთისაა“, – აღნიშნავს თურნავა.
„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ „ქვეყანაში, რომელზეც წარსულში შიდა არეულობების შესახებ იწერებოდა, კორონავირუსთან გამკლავებამ მთავრობის მიმართ გასაოცარი საზოგადოებრივი ნდობა გამოავლინა“.
როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოს აგრესიული მიდგომა ჰქონდა და სამი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ სკოლები დახურა, ასევე, მონიტორინგს უწევდა ვირუსის გავრცელებას, შეაჩერა პირდაპირი ფრენები „ცხელ წერტილებში“ და დანერგა სკრინინგი აეროპორტებსა და საზღვარზე. დაახლოებით 7000 სასტუმროს ნომერი კარანტინში მოთავსებული მოქალაქეებისთვის გამოიყო, რომლებიც სამშობლოში მარტის პირველი კვირის შემდეგ დაბრუნდნენ.
„ამ პროცესმა დააგროვა ღირებული გამოცდილება და მაგალითია ქართული სასტუმრო სექტორის მოქნილობის, მოერგოს ახალ ნორმებს.
სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დრო ტურისტულ ინდუსტრიაზე ადაპტირებისთვის. სწორედ ამიტომ, ვაცხადებთ, რომ საქართველო შესაძლოა ერთ-ერთი უსაფრთხოა, რადგან საუბარია პროტოკოლების დაცვაზე“, – მოჰყავს ავტორს ნათია თურნავას კიდევ ერთი ციტატა.
სტატიაში ასევე მოყვანილია „საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნატალია კვაჭანტირაძის განცხადება: „2016 წელს „სიენენმა“ შოუში „უცნობი მხარეები“ ენტონი ბურდენმა საქართველო აღწერა როგორც ადგილი, რომელსაც ამერიკელთა უმეტესობა რუკაზე ვერ იპოვიდა.
ტრადიციული ევროპული ტურისტული ქვეყნები, როგორიცაა იტალია და საფრანგეთი, პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ. საქართველოს დაპირებით უსაფრთხოებაზე შესაძლოა, დაინტერესდნენ დასავლეთში მცხოვრებლები, რომლებიც აქ მანამდე მოგზაურობას არ განიხილავდნენ“.
„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო შეეცდება მოგზაურების მოზიდვას ღია ცის ქვეშ ღონისძიებების წახალისებით, მათ შორის ღვინის რეგიონის ან ეროვნული პარკების მონახულებით. აქვე აღნიშნულია, რომ ქვეყანა ზოგიერთ კურორტს „მწვანე ზონად“ ასახელებს, რითაც სტუმრებს კონფიდენციალურად დარჩენისა და სანიტარული ნორმების უზრუნველყოფის პირობას უქმნის.
„ჩვენ ტურიზმის ახალ რეალობაში ვართ და ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებაა, წაახალისოს ახალი ტურისტული პროდუქტები. როდესაც მოგზაურობს და დასვენება გსურს, მნიშვნელოვანია, გრძნობდე თავისუფლებას, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას“, – მოყვანილია სტატიაში ნატალია კვაჭანტირაძის კიდევ ერთი ციტატა.