„ვაშინგტონ პოსტი“ საქართველოს კორონავირუსთან გამკლავების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად ასახელებს
„ვაშინგტონ პოსტი“ საქართველოს „კოვიდ“-19-თან გამკლავების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად ასახელებს. სტატიის მიხედვით, გლობალურმა პანდემიამ აჩვენა, რომ ასეთ გამოწვევებთან გამკლავება პატარა ქვეყნებს უფრო წარმატებულად გამოსდით, ხოლო ისეთ ძლიერ და დიდ სახელმწიფოებში, როგორებიც არის აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და ჩინეთი, პანდემიის შედეგები განსაკუთრებით მძიმეა.
„ამასობაში, ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ ახალი აღიარება მოიპოვა, რადგან მსოფლიო ახლა მათ მიერ მიღწეულ ადრეულ წარმატებას აკვირდება“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.
„ვაშინგტონ პოსტი“ საქართველოზეც წერს: „მაშინ, როდესაც მეზობელ რუსეთში კორონავირუსი ბობოქრობს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია. ქვეყანაში, 3.75 მილიონი მოსახლით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 700-ზე დაბალია, 12 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შექებაც დაიმსახურა“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მთავრობის დროული ღონისძიებები, როგორებიც იყო იანვრის ბოლოდან აეროპორტებში დაწყებული სავალდებულო თერმოსკრინინგი და საერთაშორისო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები, ქვეყანას ვირუსის გავრცელების შეჩერებაში დაეხმარა.
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ინფექციის გავრცელების ტემპის შენელებისა და საქართველოს ტურიზმისთვის ხელახალი გახსნის სამომავლო გეგმების ფონზე, აშშ-ში ქვეყნის ელჩი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მისი ოფისი დაინტერესებული ამერიკელებისგან ბიზნეს და სამოგზაურო მოთხოვნებს ღებულობს.
ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიის სიმცირემ ქვეყანა შიდა გადაადგილების რისკების მიმართ უფრო ფხიზელი გახადა.
ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გადაიტანა საბჭოთა კაშირის დაშლის შემდეგ და მოქალაქეები მზად იყვნენ, გაეღოთ ისეთი მსხვერპლი, როგორებიც საერთაშორისო ფრენების აკრძალვა და სოციალური კონტროლის სხვა ზომები იყო.
„ჩვენ რთულ პერიოდში ერთად დგომას მიჩვეულები ვართ“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.
„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში „კოვიდ-19“ ბრძოლის წარმატებულ მაგალითებად ასევე მოყვანილია ვიეტნამი, განა, კოსტა რიკა, ლიბანი და ახალი ზელანდია.