„ვაშინგტონ პოსტი“ - უკრაინაში სულისკვეთება სუსტდება, საერთაშორისო ყურადღება გადართულია ახლო აღმოსავლეთზე, რაც უკრაინის გამარჯვებას ნაკლებად სავარაუდოს ხდის, ვიდრე მრავალწლიან ომსა და ნგრევას
„ვაშინგტონ პოსტი“ - უკრაინაში სულისკვეთება სუსტდება, საერთაშორისო ყურადღება გადართულია ახლო აღმოსავლეთზე, რაც უკრაინის გამარჯვებას ნაკლებად სავარაუდოს ხდის, ვიდრე მრავალწლიან ომსა და ნგრევას

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, აშშ წერტილოვან კონტრშეტევას ითხოვდა, რათა რუსეთი ყირიმისგან განეცალკევებინათ. როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემის მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამი, უკრაინელებსა და დასავლეთს კონტრშეტევის განსხვავებული ხედვა ჰქონდათ.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ აშშ და დასავლეთი ემხრობოდნენ წერტილოვან კონტრშეტევას, რათა რუსეთი ყირიმისგან განეცალკევებინათ, მაშინ როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დაჟინებით ითხოვდა ოპერაციების მთელი ფრონტის ხაზზე ჩატარებას.

სტატიაში აღწერილია 15 ივნისს ნატო-ს შტაბ-ბინაში ჩატარებული შეხვედრის დეტალები, სადაც, პუბლიკაციის ავტორთა თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დაინტერესდა იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც უკრაინა კონტრშეტევის პირველ დღეებში იღებდა და რატომ არ იყენებდა კიევი დასავლურ შეიარაღებას ტერიტორიის განაღმვისთვის, რაც საშუალებას მისცემდა უკრაინას, უფრო მასშტაბური მექანიზებური შეტევა ჩაეტარებინა.

სტატიის მიხედვით, საპასუხოდ უკრაინის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ლოიდ ოსტინს უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილებებს უკრაინელი სამხედროები იღებდნენ, თუმცა ასევე რეზნიკოვმა დაამატა, რომ საჰაერო მხარდაჭერის გარეშ  ერთადერთი ვარიანტი იყო არტილერიის გამოყენება რუსული პოზიციების დასაბომბად, გადმოსვლა ჯავშანტექნიკიდან და წინ ფეხით გადაადგილება.

ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ პენტაგონს სურდა, უკრაინას კონტრშეტევა აპრილის შუა რიცხვებში დაეწყო, რომ რუსეთის პოზიციების გამაგრებისთვის ხელი შეეშალათ. უკრაინელები კი ყოყმანობდნენ და აცხადებდნენ, რომ დამატებითი შეიარაღებისა და წვრთნის გარეშე არ არიან მზად შეტევისთვის.

პუბლიკაციის მიხედვით, ამერიკელი სამხედროები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მექანიზებული, ფრონტალური შეტევა რუსეთის ფრონტის ხაზზე შესაძლებელი იყო იმ ჯარით და იარაღით, რომელიც უკრაინას უკვე გააჩნდა, ხოლო მოდელირება აჩვენებდა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები, საუკეთესო შემთხვევაში, აზოვის ზღვამდე მიღწევას და სამხრეთში მყოფი რუსული ძალების განცალკევებას 60-90 დღეში შეძლებდნენ. ამიტომ აშშ მხარს უჭერდა ფოკუსირებულ შეტევას სამხრეთის ღერძის გასწვრივ. ამერიკული დაზვერვა ასეთი შეტევის წარმატებას 50/50-ზე აფასებდა.

„ვაშინგტონ პოსტი“ ასევე წერს, რომ ახლა უკრაინაში მორალური სულისკვეთება სუსტდება და საერთაშორისო ყურადღება გადართულია ახლო აღმოსავლეთზე.

„ყველა ეს ფაქტორი უკრაინის გამარჯვებას უფრო ნაკლებად სავარაუდოს ხდის, ვიდრე მრავალწლიან ომსა და ნგრევას“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.