„ვაშინგტონ პოსტი“ - კურსკში უკრაინის შეტევა ხელს უშლის რუსეთთან ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის საიდუმლო მცდელობებს
კურსკში უკრაინის შეტევა ხელს უშლის რუსეთთან ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის საიდუმლო მცდელობებს, – ამის შესახებ სტატიას „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ მეომარ ქვეყნებს მიმდინარე თვეში კატარში არაპირდაპირი მოლაპარაკებები უნდა გაემართათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერების შესახებ შეთანხმებაზე.
დიპლომატებზე დაყრდნობით, სტატიაში აღნიშნულია, რომ არაპირდაპირი მოლაპარაკებები კატარელებთან, რომლებიც ასრულებენ შუამავლის როლს და ცალ-ცალკე ხვდებიან უკრაინისა და რუსეთის დელეგაციას, ჩავარდა უკრაინის მოულოდნელი შეჭრის გამო რუსეთის კურსკის რეგიონში.
შესაძლო შეთანხმებისა და დაგეგმილი სამიტის შესახებ მანამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა დიპლომატმა თქვა, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმა კატარის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა მას შემდეგ გადადეს, რაც უკრაინა დასავლეთ რუსეთში შეიჭრა. რუსეთის დელეგაცის წევრების მტკიცებით, მოლაპარაკებები არ გაუქმებულა, თუმცა საჭიროა გარკვეული დრო.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას სურდა თავისი დელეგაციის გაგზავნა დოჰაში, კატარმა უარი თქვა, რადგან ცალმხრივი შეხვედრა არ ჩათვალა მომგებიანად.
„ვაშინგტონ პოსტის“ კითხვებზე პასუხად უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ დოჰაში სამიტი გადაიდო „ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო“, მაგრამ ჩატარდება ვიდეოკონფერენციის ფორმატში 22 აგვისტოს.
ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ქსელს ურტყამს ფრთოსანი რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით, რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ელექტროსადგურებს. იმავდროულად, უკრაინამ დაარტყა რუსეთის ნავთობის ობიექტებს უპილოტო თვითმფრინავებით, რამაც ხანძრები გააჩინა გადამამუშავებელ ქარხნებში, საცავებსა და რეზერვუარებში. უკრაინელთა თავდასხმებმა შეამცირა რუსეთის ნავთობის გადამუშავება დაახლოებით 15 პროცენტით და გაზარდა გაზის ფასი მთელ მსოფლიოში.