„ვაშინგტონ პოსტი“ გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს - სულ უფრო მეტი ამერიკელი მიიჩნევს, რომ აშშ ზედმეტად ბევრ დახმარებას უწევს უკრაინას
გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, სულ უფრო მეტი ამერიკელი მიიჩნევს, რომ აშშ ზედმეტად ბევრ დახმარებას უწევს უკრაინას.
გამოცემის თანახმად, კვლევაში 5 152 -მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მეოთხედი, ანუ 25% მიიჩნევს, რომ აშშ ზედმეტად ბევრ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. რაც 6%-ით უფრო მეტია, ვიდრე სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგი და 19%-ით მეტი მარტის შემდეგ.
თუმცა, გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ ამერიკა სწორი რაოდენობის დახმარებას უწევს ქვეყანას. გამოკითხულთა 20%-ს სურს, რომ აშშ-მა უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიოს. 20%-ზე მეტს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ იმ ამერიკელების წილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ აშშ-მა ზედმეტად ბევრი დახმარება გაუწია უკრაინას ეკონომიკური დახმარებისა და შეიარაღების თვალსაზრისით, რესპუბლიკელთა შორის უფრო მაღალია და 40 %-ს შეადგენს. ათიდან ექვსი დემოკრატი და დემოკრატების მხარდამჭერი კი თვლის, რომ აშშ საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, დაახლოებით 23% კი მიიჩნევს, რომ ეს მხარდაჭერა არასაკმარისია.