„ვაშინგტონ პოსტი“ - აშშ-მა რუსეთის საწინააღმდეგო კიბერიერიშის ტაქტიკა შეიმუშავა
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, აშშ-მა რუსეთის საწინააღმდეგო კიბერიერიშის ტაქტიკა შეიმუშავა. როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნული ტაქტიკის გამოყენებას აშშ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ რუსეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდება.
როგორც „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში ანონიმური წყარო ყვება, აშშ-ის კიბერიერიშის სამიზნე გახდებიან რუსი მაღალჩინოსნები, სპეცსამსახურების თანამშრომლები და ბიზნესმენები. კერძოდ, მათ გაუგზავნიან წერილს, რომელშიც მოუწოდებენ, არჩევნებში ჩარევა შეწყვიტონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვაშინგტონი რუს მაღალჩინოსნებსა და კრემლთან დაახლოებულ მეწარმეებზე მოპოვებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას გაასაჯაროებს.
როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, კიდევ ერთი სტრატეგია არის „რუსეთის შიგნით“ დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც რუსეთის მმართველ ელიტაში კონფლიქტს წარმოშობს.
ამასთან, „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, აშშ-ის კიბერშეტევა არ შეეხება ვლადიმერ პუტინს, რადგან ასეთი ქმედება „ზედმეტად პროვოკაციული იქნებოდა“.