დღეს ვარშავაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იწყება. რუსეთთან არსებული დაძაბულობა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დღის წესრიგის მთავარი საკითხებია. განსახილველ თემებს შორის ასევე იქნება ნატო-ს სამხედრო ხარჯები და ავღანეთსა და ერაყში ანტიტერორისტული ოპერაციები.
ოთხდღიან დებატებში მონაწილეობას იღებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, მასპინძელი ქვეყნის, პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა, პრემიერ-მინისტრი მტეუშ მორავეცკი, ასევე მთავრობისა და სამხედრო უწყების სხვა წარმომადგენლები. ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს ხელმძღვანელი და წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები.
ასამბლეის მიზანია, ხაზი გაუსვას ერთიანობას, რამდენადაც ტრანსატლანტიკური ურთიერთობები სავაჭრო შეთანხმებების, ირანის ბირთვული შეთანხმებისა და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გამო დაძაბულია.
ანგარიშებში ყურადღება იქნება გამახვილებული რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეებზე, მათ შორის დეზინფორმაციის კამპანიებსა და არჩევნებში ჩარევის მცდელობებზე. ასევე ყურადღების ქვეშ მოექცევა ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტი. ნატო-ს წევრი ქვეყნების ნაწილი წარმოადგენს სამოქმედო გეგმას ალიანსის ბიუჯეტში შენატანის მშპ-ის 2%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით.
ასევე პარლამენტარები განიხილავენ ალიანსის ოპერაციებს ერაყში, რათა დაეხმარონ სამხედრო სკოლებსა და აკადემიებს განვითარებაში, უზრუნველყონ ისინი წვრთნითა და კონსულტაციებით. მოკავშირეები ემზადებიან რამდენიმე ასეული ინსტრუქტორის გასაგზავნად, რის შესახებაც ლიდერები ივლისში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე განაცხადებენ.
საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც ნატო-ს 2018 წლის 11-12 ივლისის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე იმართება, 29 ქვეყნის 250-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ასევე წარმოდგენილი იქნებიან დელეგატები 22 ასოცირებული და დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნიდან. საგაზაფხულო სესია 25-28 მაისს გაიმართება.