ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რიონის ხეობაში შესასვლელი ხუთი გზა აქვთ გადაკეტილი
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში განთავსებულ რკინის ჯებირებთან არიან შეკრებილები.
აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს პროტესტის სამოქმედო გეგმა გააცნო.
მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს უკვე გადაკეტილი აქვთ რიონის ხეობაში შესასვლელი ხუთი გზა. როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, მისი ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია „ენკას“ რიონის ხეობაში შესვლისა და ტექნიკის შეტანის მცდელობები კვლავ აქვს.
გოლეთიანი მის გამოსვლაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების საბჭოს წევრების საქართველოში ჩამოსვლის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, სავარაუდოდ, მომავალ შაბათს საბჭოს წევრები აქციის მონაწილეებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
გოლეთიანის განცხადებით, დღეს აქცია საყვირებისა და რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით გაგრძელდება, ორშაბათს კი, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათიდან ქუთაისში, „ენკას“ ოფისთან გადაინაცვლებენ.