ვარლამ გოლეთიანი - ვფიქრობდით ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტებზე, თუმცა რეფერენდუმს, რა ფორმითაც დღეს ტარდება ქვეყანაში, თავისი ხარვეზები და რისკები აქვს
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის აშენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება იმ ფორმით, როგორც დღეს ქვეყანაში ტარდება, რისკებს შეიცავს.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, რეფერენდუმს აქვს თავისი ხარვეზები, პლუსები და მინუსები, რასაც კარგად გათვლა სჭირდება.
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ფართო მსჯელობის საგანია, თუ რატომ არ წავიდნენ რეფერენდუმის მიმართულებით.
„რეფერენდუმის საკითხი ჩვენ რაღაც თვალსაზრისით გავლილი გვაქვს, რადგან ვფიქრობდით ზოგადად ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტებზე, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ კანონიერად და სამართლიანად ვიქონიოთ ზეგავლენა ხელისუფლებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში რეფერენდუმს, იმ ფორმით, რა ფორმითაც ტარდება დღეს ქვეყანაში, აქვს თავისი ხარვეზები, პლუსები, მინუსები და რისკები, ამას სჭირდება კარგად გათვლა. ამ სივრცეში ახლა ახსნა, რა რისკები, პლუსები და მინუსებია, ფიზიკურად ვერ მოხერხდება. ანუ, რატომ არ წავედით ამ მიმართულებით, ცოტა ფართო მსჯელობის საგანია, სხვა სივრცე გვჭირდება ამაზე, თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ვიტყვით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
პოლიტიკური მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე ინიციატივით გამოდის, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს.
მისი თქმით, რეფერნდუმის ჩატარებას აქვს თავისი მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგია და კანონით განსაზღვრულ ვადებში მოხდება ყველა დოკუმენტის შეგროვება.