ლევან ვასაძე ითხოვს, რომ „ნამახვანჰესის“ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს
ლევან ვასაძე ითხოვს, რომ „ნამახვანჰესის“ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს

პოლიტიკური მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

როგორც ლევან ვასაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რეფერნდუმის ჩატარებას აქვს თავისი მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგია და კანონით განსაზღვრულ ვადებში მოხდება ყველა დოკუმენტის შეგროვება.

„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს საერთო სახალხო რეფერენდუმი – მოსახლეობის აზრით, უნდა აშენდეს თუ არა  „ნამახვანჰესი“ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად. რეფერნდუმის ჩატარებას აქვს თავისი მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგია. ჩვენ, როგორც საინიციატივო ჯგუფი, უნდა მივიდეთ, დავრეგისტრირდეთ, ცესკო-ში შევიტანოთ ეს განაცხადა, მარტივი ფორმულირებით, შესაბამისი განხილვისა და პროცედურების შედეგად, უნდა მოგვეცეს ბლანკები ან ბიულეტენები, რათა კანონით განსაზღვრულ ვადებში შევაგროვოთ ხელმოწერების აუცილებელი რაოდენობა, რომელსაც ისევ მივიტანთ ცესკო-ში. ეს რაოდენობა თუ არ ვცდები, არის 200 ათასი. ვადა გვაქვს სამი თვე. ერთი წამით ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შევძლებთ ამ რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებას. არსებობს პროცედურები პარლამენტში და პრეზიდენტთან, რომლის გავლის შედეგადაც, ეს საკითხი უნდა დადგეს რეფერენდუმზე“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად.

„ჩვენ დავფიქრდით იმაზეც, ქვეყანას როგორ ავაცილოთ დამატებითი ხარჯები და საორგანიზაციო დანახარჯები ამ რეფერენდუმთან დაკავშირებით. ეს არ არის რიგითი საინვესტიციო პროექტი. დიდი ხანია, გასცდა რიონის ხეობის მასშტაბებს, გადავიდა სახალხო მასშტაბში და ნამდვილად იმსახურებს სახალხო აზრის გამოხატულებას. დავფიქრდით, მივედით დასკვნამდე, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარების მარტივი გზა იქნება მისი დაწყვილება ადგილობრივ არჩევნებთან. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად იდება დამატებითი ბლანკი, რომელზეც დაწერილია შეკითხვა, ხართ თუ არა თანახმა, რომ „ნამახვანჰესი“ აშენდეს კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად – კი ან არა. არავითარ დამატებით ხარჯებს ეს არ წარმოადგენს, გარდა ქაღალდის დანახარჯისა, მოსალხეობასაც არ მოუწევს ზედმეტად საუბარი. ამით ჩვენ მარტივად გადავჭრით ამ საკითხს“, – განაცხადა ვასაძემ.

დატოვე კომენტარი