ვარლამ გოლეთიანი - ვერ ვიტყოდი, რომ მხარდაჭერა აკლდა ჩვენს აქციებს დედაქალაქში, უბრალოდ, რესურსის კუთხით ძნელია, იქ დიდი ხნით გავჩერდეთ
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ თბილისში მათ მოქალაქეების მხრიდან მხარდაჭერა არ აკლდათ.
აღნიშნულის შესახებ გოლეთიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „იყავით თბილისში, აანონსებდით საკმაოდ მასშტაბურ აქციებს, თუმცა, რეალურად ოთხ დღეს გაგრძელდა თქვენი პროტესტი დედაქალაქში და შემდეგ ისევ მიიღეთ რიონის ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება. რატომ დაბრუნდით მალევე უკან, ამის მიზეზი ხომ არ არის, რომ არ იგრძენით საკმარისი მხარდაჭერა დედაქალაქში“.
გოლეთიანის თქმით, დედაქალაქში აქციების გრძელვადიანად გამართვა საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული. ამასთან, როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, თუ საჭირო იქნება, აქციების გასამართად დედაქალაქში მომავალშიც ჩამოვლენ.
„ნამდვილად ვერ ვიტყოდი იმ პიარკამპანიის ფონზე, რაც ჩვენი მისამართით წარმოებს, რომ ზოგადად, მხარდაჭერა აკლდა ჩვენს აქციებს დედაქალაქში. უბრალოდ რესურსის კუთხითაც ჩვენთვის ძნელია, რომ როგორც აქ ვართ, დედაქალაქშიც გრძელვადიანად გავჩერდეთ. ამას სხვა რესურსი სჭირდება. როდესაც ბევრი ადამიანი მოდის აქციაზე, საჭიროა ტექნიკური უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. ამიტომ, ბუნებრივია, წამოსვლა არ ნიშნავს, რომ თუკი დაგვჭირდება დედაქალაქში ჩასვლა, ისევ არ დავბრუნდებით და ჩავატარებთ ფართომასშტაბიან აქციას. მნიშვნელოვანი იყო, დედაქალაქის მოსახლეობისთვის გაგვეგებინებინა საკითხის შესახებ, პრობლემის შინაარსის შესახებ, ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჩართულობა პროცესში. ჩვენ ადამიანებს მივეცით შესაძლებლობა, რომ საკითხს გაცნობოდნენ“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.