ვარლამ გოლეთიანი - ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გრძელდება, პრემიერის გამოსვლიდან იკვეთება, რომ გუნდს საერთო პოზიცია არ აქვს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით
ვარლამ გოლეთიანი - ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გრძელდება, პრემიერის გამოსვლიდან იკვეთება, რომ გუნდს საერთო პოზიცია არ აქვს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით

ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გრძელდება, პრემიერის გამოსვლიდან იკვეთება, რომ გუნდს საერთო პოზიცია არ აქვს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, – ასე აფასებს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ახლა არსებული პირობებით პროექტი არ გაგრძელდება.

„ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გრძელდება, ამ პატარა გამოსვლიდან რაც იკვეთება, როგორც ჩანს, არ აქვს გუნდს საერთო პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. პრემიერისთვის თუ ამდენად შეუსაბამოა ის პირობები, რა პირობებითაც იყო გაფორმებული ეს ხელშეკრულება, რომ ვერ გაგრძელდება პროექტი ამ პირობებით და ამას პირდაპირ ამბობს, ფაქტია, ამას ასე არ ფიქრობს თუნდაც ეკონომიკის მინისტრი და ხელისუფლების ესა თუ ის წარმომადგენელი. ყველას სხვას მიაჩნია, რომ პროექტი არის ერთ-ერთი გამორჩეული, ყველაზე კარგად შესწავლილი, როგორც ისინი ამბობენ, ეკონომიკურად მომგებიანი, ყველაზე უსაფრთხო და ა.შ. ანუ, შეფასებით ნაწილში აშკარად აცდენა აქვთ და როგორც ჩანს, საერთო პოზიციები არ აქვთ.

რაც შეეხება იმას, რომ ამ პირობებით ვერ გაგრძელდება და საკითხს დაერქვა, რომ პრობლემურია, მემკვიდრეობით ერგო, ვინ წარმოაჩინა ეს პრობლემები, ეს არის საინტერესო. ეს კითხვა უნდა დაისვას. საკუთარ თავსაც ჰკითხონ მათ შორის ამ ადამიანებმა, რადგანაც ჩვენ არ გვთვლიან მხარედ, ფაქტია. არც ერთხელ არ შეგვხვედრიან, არ მოუსმენიათ ჩვენგან სრულფასოვნად ეს პრობლემები, არც ეცოდინებოდათ ამ საკითხების შესახებ, რომ არა ეს ნახევარწლიანი პროტესტი. ამიტომ გასაგებია, რომ დაარქვეს ახლა პრობლემური საკითხი, დაერქვა ეს სახელი პრემიერისგან, თუმცა ვინც დასვა ეს პრობლემა, ვგულისხმობ ამ პროტესტს, ჩვენ არ გველაპარაკებიან და როცა ინვესტორთან მიდიხარ და იქ იწყებ საკითხის მოგვარებას, ჯერ ლოგიკურია რომ შეგვხვდე; ვინც დასვა ეს საკითხები თავიდან, იქნებ უფრო სრულფასოვნად წარმოვაჩინოთ სპექტრი ამ პრობლემების და არა ის, რომ 100-ს რომ 49-დ გადააკეთებენ მხოლოდ, ეს რომ არ არის საკმარისი, ამისი თქმა მინდა. თუ საკითხი დადგა ისე, რომ არის პრობლემა, პრობლემა წამოვჭერით ჩვენ და ჩვენ ვართ მხარე, უნდა დაყენდეს სრული სპექტრი პრობლემის და ამის მერე ვნახოთ, როგორ გადაწყდება პროცესი“, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.