ვარლამ გოლეთიანი - ჰესის მშენებლობის პროცესი ხეობაში თუ გრძელდება, მაშინ დიალოგს რა აზრი აქვს
ვარლამ გოლეთიანი - ჰესის მშენებლობის პროცესი ხეობაში თუ გრძელდება, მაშინ დიალოგს რა აზრი აქვს

როდესაც დიალოგისას ჰესის აშენება-არაშენების საკითხზე ვმსჯელობთ, ბუნებრივია, ამ დროს ჰესი არ უნდა შენდებოდეს, თუ პროცესი ხეობაში გრძელდება, მაშინ დიალოგს ამ პირობებში რა აზრი აქვს, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს მკაფიო მოთხოვნები აქვთ.

„დიალოგზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალთ, თუ მორატორიუმი გამოცხადდება, ის მოთხოვნები შესრულდება, რომელიც დავაყენეთ. უკვე მორატორიუმის პირობებში შეგვიძლია, ზოგადად ვისაუბროთ, როგორი უნდა იყოს ენერგოპოლიტიკა ქვეყანაში. ამ ნაწილში ვუშვებთ მხოლოდ დიალოგის შესაძლებლობას.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებებს ულტიმატუმის ენის შესახებ, რა ულტიმატუმის ენაზეა ლაპარაკი, როცა ნახევარი წელი გავიდა და არანაირი შემხვედრი ნაბიჯი მათგან არ ყოფილა. პირიქით, მუდმივად ატყუებენ საზოგადოებას. ულტიმატუმზე საქმე აღარ არის. ჩვენ ვამბობთ და 209 დღის განმავლობაში მუდმივად ვთავაზობდით, რომ თანასწორუფლებიან გარემოში შევხვედროდით, შეჩერებულიყო ჰესის მშენებლობის პროცესი და გასულიყო პოლიცია. ეს იყო ბოლო შეხვედრაზე, როდესაც ქუთაისში პრემიერის წარმომადგენელს შევხვდით. ამ დიალოგზე ჩვენ პრობლემა არ გვქონდა, ეს ჩვენი მოთხოვნა იყო ყოველთვის. უბრალოდ პირობები უნდა დაკმაყოფილებულიყო. თუ ჰესის შენება-არაშენების საკითხზე ვმსჯელობთ დიალოგისას, ბუნებრივია, ამ დროს ჰესი არ უნდა შენდებოდეს, ან ის, რომ რკინის ჯებირებია აღმართული და საზღვრის უკანონო კვეთაზე აკავებენ ჩვენს თანამებრძოლებს, მსგავს პირობებში წარმოუდგენელია ის, რომ რამე ტიპის საღი დიალოგი გაიმართოს ხელისუფლებასთან. ამიტომ არ დააკმაყოფილეს ეს პირობები, რაც ყველამ, საზოგადოებამ ნახა. თქვეს, რომ ჰესის მშენებლობა არ დადგება ეჭვქვეშ არც ერთ შემთხვევაში, პროცესი იქ ხეობაში გრძელდება და მაშინ დიალოგს ამ პირობებში რა აზრი აქვს. ჩვენ ასე დავაყენეთ საკითხი. რაც არ უნდა არგუმენტი ვთქვათ, რატომ არ უნდა აშენდეს კონკრეტულად ეს პროექტი და რა პრობლემებია ენერგოპოლიტიკის მიმართულებით, თუ ამას შედეგსა და პროცესზე გავლენა არ ექნება, მაშინ რატომ ვხვდებით ერთმანეთს, ეს გაუგებარია“, – აღნიშნა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უარყო ყველა შესაძლებლობა, რომ აქციის მონაწილეებთან ერთად შინაარსობრივად გაევლო ყველა საკითხი.

„თუ პირობები შესრულდებოდა, ჩაგვთვლიდნენ მხარედ და მათგან იქნებოდა ადეკვატური დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ, საერთოდ არ გვიხარია არც დგომა და არც მრავალათასიანი აქციები, მაგრამ უარყვეს ყველა შესაძლებლობა, რომ მართლა დავმსხდარიყავით და შინაარსობრივად გაგვევლო ყველა საკითხი. ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია, დღეს აქ ვიყოთ და ამ ფორმით ვაპროტესტოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანი.