ვარლამ გოლეთიანი - შსს-სგან საკითხის კომიკური გადაწყვეტა ვნახეთ, როცა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორ გადაკეცილ ლისტზე, ძალადობის ფორმას კატეგორიულად ვემიჯნებით, რომ რაღაც დაზიანდეს
ძალადობის ფორმას კატეგორიულად ვემიჯნებით, რომ რაღაც დაზიანდეს, მათ შორის, თუნდაც ეს ბარიკადი, ამასაც არ ვიზიარებთ. თუმცა, კომპანიას რომ ხელი არ შევუშალოთ და მან ჩვეულებრივად გააგრძელოს ხეობაში მუშა პროცესი, ჩვენ ვიგრძნობთ თავს დამნაშავედ, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დღეს საკითხის ისეთი კომიკური გადაწყვეტა ვნახეთ, როცა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორ გადაკეცილ ლისტზე. სასურველია, მსგავსი პრეცედენტები მართლა დანაშაულებზე მოქმედებდეს ამ ქვეყანაში, როცა ოპერატიულად ხდება ხოლმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროტესტს გავაგრძელებთ იმ ფორმითაც. გუშინ ვთქვით და დღესაც იქნება ის ხმაური, რაც გუშინ იყო, მათ შორის, მთელი ღამის განმავლობაში იქნება აუცილებლად“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
მისივე თქმით, მიიღეს ინფორმაცია, რომ სამუშაოები შეჩერდა, თუმცა ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ ხეობაში სამუშაოები შეწყდა, პროტესტი გაგრძელდება.
„რაც შეეხება ხვალინდელ გეგმას, ჩვენ რაღაც ინფორმაცია მოგვივიდა, რომ სამუშაო შეჩერებულია, კომპანიას დღეს არ უმუშავია. სამწუხაროდ, ეს რამდენად მართალია, ვერ გადავამოწმეთ, მაგრამ ეს ჩვენი თვალით უნდა ვნახოთ. ხაზგასმით გვინდა, ვთქვათ, რომ ვიდრე არ შეწყდება სამუშაო პროცესი უშუალოდ ხეობაში, ბუნებრივია, პროტესტი გაგრძელდება. კავშირზე კომპანია არ გამოსულა. საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ შეიძლება, თავად ეთქვათ ამის შესახებ. ჩვენ არ ვიცით, რამდენად გააკეთებენ ამ განცხადებას, თუმცა ჩვენ, ზოგადად, ყველა ხერხით შევეცდებით, რომ თუკი ხეობაში არის სამუშაო პროცესი, ყველა შემთხვევაში შევაჩეროთ. ამის გარკვეული საშუალებები არსებობს. ვერ აღგიწერთ, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს, მაგრამ არის ამის რესურსი, ამის ნახვის სხვადასხვა შემოვლითი გზებით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი თანამებრძოლები დააკვირდებიან, ნამდვილად მიმდინარეობს თუ არა სამუშაო პროცესი. ჩვენ ამას ყველა შემთხვევაში გადავამოწმებთ. ამის გაგების ნაწილში პრობლემა არ გვაქვს, რადგან ზედა ნაწილში, სადაც გადაკეტილია გზა, ჩვენი თანამებრძოლები არიან, ტვიშში, კონკრეტულად კი კარავში. ანუ, იქიდან თუკი მოადგები პირველ გადაკეტვას, სადაც არის კომპანიის სამუშაო მოედანი, ჩვეულებრივად შეგიძლია, იქიდანაც დაინახო, მიმდინარეობს თუ არა სამუშაო პროცესი. ამიტომ დაიძრებიან ისინი, ნახავენ არის თუ არა მართლაც სამუშაო პროცესი. ჩვენც ასეთი ინფორმაცია მოგვივიდა, რომ სამუშაო პროცესი არის შეჩერებული „ენკაში“, არ ვიცი. იგივე ესკალაციის მოლოდინი იქნება, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები, როცა ვამბობთ, რომ შევაჩერებთ, უნდა ვიმოქმედოთ, რომ შევაჩეროთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მისი თქმით, პრევენციული აქციები გრძელდება.
„ხაზგასმით შემიძლია, ვთქვა, რომ არ მივმართავთ ძალადობის მოქმედებას, რომ რაღაც იერიში მივიტანოთ რამეზე. პირიქით, ძალადობის ფორმას კატეგორიულად ვემიჯნებით, რომ რაღაც დაზიანდეს, მათ შორის თუნდაც ეს ბარიკადი. ამასაც არ ვიზიარებთ. თუმცა, ის, რომ კომპანიას ხელი არ შევუშალოთ და მან ჩვეულებრივად გააგრძელოს ხეობაში მუშა პროცესი, ჩვენ ვიგრძნობთ თავს დამნაშავედ. ზოგადად, „ენკასთვის“ სიურპრიზია ის, რომ ჩვენ ვნახავთ ამ სამუშაოს, ამიტომ ჩერდება ეს პროცესი. ის, რომ იქ მიდიან ჩვენი თანამებრძოლები, ვნახულობთ და ამ პროცესს უახლოვდებიან, ბუნებრივია, ამიტომ ჩერდება სამუშაო პროცესი. თორემ, ის, რომ კომპანიაზე რაღაც იერიშს მივიტანთ, ამას არ ვიზიარებთ და არც გავაკეთებთ. ამ ნაწილშიც არავის შეეშინდება“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.