ვარლამ გოლეთიანი - რიონის ხეობაში შესასვლელი გზები გადაიკეტება კომპანიის მანქანებისა და მუშახელისთვის, არავის მივცემთ საშუალებას, რომ გააგრძელოს ხეობის ნგრევა
დღეს ჩვენ ვგეგმავთ დავიძრათ რიონის ხეობისკენ და დიდი გზა გვაქვს გასავლელი, გადაიკეტება რიონის ხეობაში შესასვლელი გზები, მხოლოდ კომპანიის მანქანებისთვის და მუშახელისთვის, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, კომპანია ისევ აგრძელებს ხეობის ნგრევას და ამაში არანაირ პრობლემას არ ხედავს სახელმწიფო.
„დარღვევები სახეზეა, ჩვენ რასაც ვამბობთ, იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშვე წერია მთელი ის ჩამონათვალი, რასაც ჩვენ 212 დღეა ვაპროტესტებთ და ვფიქრობ, კანონიერი უფლება გვაქვს მოსახლეობას იმისა, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ. პიკეტირებას რაც შეეხება, ჩვენ წინა ორი დღე რაც გადავკეტეთ თბილისის ქუჩები, ამ ფორმით ჩვენ შევახსენეთ დედაქალაქის მოსახლეობას, რამდენად მნიშვნელოვანი საკითხი წყდება. წავაწყდით ისეთ გარემოს, რომ ბევრი ადამიანი კიდევ ვერ არის გარკვეული ამ საკითხებში და ეს სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ამ ჩართულობით მოვახერხებთ იმას, რომ კიდევ მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ეს პროტესტი, რომელიც ნახევარი წელია, რიონის ხეობიდან ისმის. ჩვენ მზად ვართ, ვიცით, რომ იქ ბარიკადებია აღმართულია და ველოდით, რომ ეს ასეც იქნებოდა. უბრალოდ ჩვენ ბარიკადამდე გადავკეტავთ ხეობაში შესასვლელს. აქ არის თვითონ კომპანიის ტრანსპორტზე და მუშახელზე საუბარი. გადავუკეტავთ უშუალოდ მათ. ბარიკადი ჩვენ ამაში ხელს არ გვიშლის. ჩვენ მიჩვეული ვართ ამ პროცესს. ხუთჯერ დაგვარბია სპეცრაზმმა და არ ახალია ჩვენთვის ის განცდა, რომ ჩავალთ და რაღაც დაპირისპირება იქნება. თუმცა მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ არ შევდივართ არანაირ ძალადობრივ დაპირისპირებაში საპოლიციო ძალებთან. პირიქით, მორალური უპირატესობა იმდენად დიდია, რომ არ გვჭირდება ხელჩართული ბრძოლა გავმართოთ ჩვენსავე მოქალაქეებთან. ამიტომ იქ უბრალოდ დავდგებით და არავის მივცემთ საშუალებას, რომ გაგრძელდეს ხეობის ნგრევა“, – განაცხადა გოლეთიანმა.