ვარლამ გოლეთიანი - პროტესტი, ხმაური გაგრძელდება, ხეობაში მუშა პროცესს ხელს შევუშლით
რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მონაწილეების პროტესტი გრძელდება.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, „ენკას“ თანამშრომლების ნაწილი ხეობიდან გამოვიდა, აქციის მონაწილეებმა ისინი ტაშითა და შეძახილებით გააცილეს.
როგორც ცოტა ხნის წინ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კომპანია „ენკა“ მომუშავე პერსონალის გუმათიდან ქუთაისში გადაყვანას გეგმავდა.
„ქუთაისის მიმართულებით არავის ვუშლით გადაადგილებას, პირიქით, ეს ჩვენი მოწოდებაა კომპანიაზე, რომ დატოვონ რიონის ხეობა, დაიძრან ქუთაისის მიმართულებით. ამიტომ ამას წინ არ გადავუდგებით, პირიქით, ხეობაში შესვლის მცდელობა ჰქონდათ ცოტა ხნის წინ. ერთი პარალელური გზა არის, თქვენ არ იცით, პარალელური გზაა რიონის მოპირდაპირე მხარეს და იქ ჩვენი რამდენიმე მანქანა დგას, აკონტროლებს. ცოტა ხნის წინ ერთი ტრანსპორტი მოდიოდა იმ გზაზე, გავაჩერეთ, გამობრუნდნენ და შევიდნენ ბაზაში. აქედან, სავარაუდოდ, დააპირებდნენ ხეობაში დაბრუნებას. ჩვენ აღარ მივეცით ამის საშუალება, ვუთხარით, რომ წასულიყვნენ ქუთაისში.
ვკეტავთ ხეობას და არ მივცემთ საშუალებას, რომ გადაადგილდნენ ხეობის მიმართულებით. დანარჩენი პროტესტის გამოხატვის ფორმა რაც იყო, საუბარია ხმაურზე, გაგრძელდება. ვნახოთ, რა შეიძლება, მოვიფიქროთ და დავამატოთ იმისთვის, რომ მუშა პროცესი გაგრძელდება თუ არა ხეობაში, შეუშალოს ამ პროცესს ხელი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.