ვარლამ გოლეთიანი - მუდმივად ვამბობთ, რომ ჩვენს აქციებზე მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება, გთხოვთ, გაითვალისწინოთ
მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე. არ აქვს მნიშვნელობა, რა სიმბოლიკა იქნება, რა ჯგუფსა და პარტიას გამოხატავს, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას. ამასთან, გოლეთიანმა აღნიშნა, რომ ყველას აქვს უფლება, თავის მოქალაქეობრივ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი.
„ჩვენი მოძრაობა ემიჯნება ზოგადად ყოველგვარ ძალადობას. ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი ყველა ეტაპზე. ჩვენი სახალხო მოძრაობა აერთიანებს ყველა მოქალაქეს ამ ქვეყნისას. ყველას აქვს უფლება, რომ თავის მოქალაქეობრივ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი აქ და სხვა შეკრებებზე. ამიტომ, ის დაპირისპირებები, რაც აქ ხდება, ბუნებრივია, იმ ძალადობის ნაწილში, ვემიჯნებით. აქვე გვინდა, მკაფიოდ ვთქვათ, რა შეიძლება, რომ გახდეს ძალადობისა და დაპირისპირების გამომწვევი მიზეზი. ეს შეიძლება, გახდეს გარკვეული სიმბოლიკები. ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რა სიმბოლიკა იქნება, რა ჯგუფსა და პარტიას გამოხატავს. მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება ჩვენს აქციებზე. ეს იქნება იმის პრევენცია, რომ არ მოხდეს რაღაც მსგავსი დაპირისპირებები. ყველამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვაკეთოთ საქმე. ამისთვის ვდგავართ ახლა აქ. არ ვართ მოსული ერთმანეთთან საჩხუბრად. ჩვენ ვართ კონკრეტულ საქმეზე ორიენტირებული ხალხი. გთხოვთ, ამ სულისკვეთებით განვეწყოთ და გავყვეთ პროცესებს კანონზომიერად“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს დაპირისპირება იყო.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები სალომე ბარკერი და ზუკა ბერძენიშვილი მივიდნენ. როგორც ბარკერმა განაცხადა, დაპირისპირების მიზეზი ლგბტ თემის სიმბოლიკიანი სამკლაური გახდა, რომელიც მას ეკეთა. ბარკერი ამბობს, რომ ერთ-ერთმა პირმა სამკლაურის მოხსნა მოსთხოვა. ინციდენტის განმუხტვა სამართალდამცველებმა მოახერხეს. ორივე პირი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.