ვარლამ გოლეთიანი - მოვუწოდებ საპოლიციო ძალებს, თუ ეცდება რომელიმე ჩვენი თანამებრძოლის დაპატიმრებას ან რაიმე იერიშის მიტანას მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ამას მოჰყვება მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა
ვარლამ გოლეთიანი - მოვუწოდებ საპოლიციო ძალებს, თუ ეცდება რომელიმე ჩვენი თანამებრძოლის დაპატიმრებას ან რაიმე იერიშის მიტანას მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ამას მოჰყვება მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა

ხელისუფლება თუ მიმართავს დესტრუქციას, პასუხისმგებლობაც იქნება მასზე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა.

„იქნება ეს გარკვეული მსვლელობა ჩვენი მოძრაობის, თუ პიკეტირებას გავაკეთებთ სხვადასხვა ადგილისას, ჩვენ ყველგან ხელებაწეული ვართ. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ავწევთ ხელებს და დავიცავთ ამ არაადეკვატურობისგან თავს. ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია, თუ არა ჩვენი ერთობა, რომ დავდგეთ და შევუქმნათ მათ დისკომფორტი, სანამ იმ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რომელიც არის ჩვენი ხალხის ნება. ამიტომ, პროვოკაციას არ ავყვეთ, მშვიდობიანად დავდგეთ, სადაც დავდგებით. უბრალოდ, დუმილით გავაპროტესტოთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ამასთან, ვარლამ გოლეთიანმა საპოლიციო ძალებს მოუწოდა, იმ შემთხვევაში, თუ ეცდება აქციის რომელიმე მონაწილის დაპატიმრებას, ან იერიშის მიტანას მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ამას მოჰყვება მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა.

„მოვუწოდებ იმ საპოლიციო ძალებს და ზოგადად იმ რეპრესიულ სულისკვეთებას, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩვენი მოძრაობის მისამართით, თუ ის ეცდება, რომ რომელიმე ჩვენს თანამებრძოლზე ხელი აღმართოს, ან ვინმე დააპატიმროს, ან მით უმეტეს, რაიმე იერიში მიიტანოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც მშვიდობიანად დგანან და უბრალოდ ხელისუფლების არაადეკვატურობისგან იცავენ თავს, მაშინ ამას მოჰყვება საყოველთაო გამოსვლა მთელი მოსახლეობის. ეს იქნება იმდენად მკაფიო ყველასთვის, რომ ამაზე მთელ საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია ექნება. ეს შეარყევს ხელისუფლებას და ეს იქნება პასუხისმგებლობის ნაწილში მისი პასუხისმგებლობა და არა ჩვენი. პასუხისმგებლობას არ ავიღებთ იმ რაღაც დესტრუქციულ მოქმედებებზე, რაც უნდა, რომ თვითონ ხელისუფლებამ მართოს ამ შემთხვევაში. ამიტომ, თუ თავად დესტრუქციას მიმართავს, პასუხისმგელობაც, ამ შემთხვევაში, იქნება მასზე“, – განაცხადა გოლეთიანმა.

ამასთან, როგორც ვარლამ გოლეთიანმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, აქციის მონაწილეები ულტიმატუმით არ საუბრობენ.

„რაც პრემიერმა ახსენა ულტიმატუმების ენით საუბარზე, ჩვენ ულტიმატუმების ენით არ ვსაუბრობთ. ჩვენ ნახევარ წელზე მეტი გავატარეთ რიონის პირზე, ზამთრის დღეები იქ გამოვიარეთ და სახლში არ შევსულვართ. მოვუწოდებდით მათ, რომ თუ ჰქონდათ ამის თავი, გამოსულიყვნენ და ემსჯელათ, რაც აღმოჩნდა, რომ არ შეუძლიათ. ამიტომ, რა ვქნათ, მაშინ რჩება ერთი გზა, ან ვიშლებით და ვანებებთ ამ ქვეყნის ყვლეფას, ან ასე მშვიდობიანად, არგუმენტირებულად და კონსტრუქციულად მიგვყავს საქმე ბოლომდე. ჩვენ დღევანდელი დღიდან გადავგდამთ ქმედით ნაბიჯებს. ჩვენ თუ არ ვიმოქმედებთ, ეს იქნება ქართველი ხალხის დამარცხების ტოლფასი, რომელსაც უკვე შეიძლება, ვეღარ მოვერიოთ. ამიტომ, ამ დამარცხებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

თბილისზე არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რადგან აქ ცხოვრობს და თავმოყრილია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. პასუხისმგებლობა ყველაზე მეტად, დღევანდელ დღეს, ეკისრება დედაქალაქს და ყველა ხედავს, რამდენად სამართლიანი და არგუმენტირებულია ჩვენი პროტესტი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს მიმართა და გონიერებისკენ მოუხმო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ულტიმატუმით საუბარი მიუღებელია, სახელმწიფო იმართება კანონითა და კონსტიტუციით.