ვარლამ გოლეთიანი - მოვითხოვთ ნამახვანში მშვიდობიანად გადაადგილების უფლებას, მოვუწოდოთ პოლიციის წარმომადგენელს, აგვიხსნას, რა ხდება
გადავინაცვლებთ ჯებირთან, დავუძახებთ შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელს და იგივე განცხადების საფუძველზე, რომელიც დღეს გავრცელდა მთავრობისგან, რომ შესაძლებლობა ექნებათ ადამიანებს გადაადგილების ნამახვანში მშვიდობიანად, მოვითხოვთ ამ უფლებას, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ სხვადასხვა ქალაქში პარალელურ რეჟიმში იმართება აქცია და სოციალური ქსელის საშუალებით ყველას ერთად შეუძლია, პარალელურ რეჟიმში ადევნოს თვალი აქციას.
„ვნახოთ, რამდენად დიდია ღელვა საზოგადოებაში ამ პრობლემის წინააღმდეგ. გრძელდება ხელისუფლების მხრიდან აღიარებითი ჩვენებების მიცემა ქართული საზოგადოების წინაშე და ეს ვლინდება იმაში, რომ ხელშეკრულებას თურმე აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები და ეს თავადაც დაადასტურეს უკვე თავისივე განცხადებით. საუბარი იყო იმაზე, რომ მოიწვევენ საერთაშორისო რაღაც ექსპერტთა წრესაც, რომელიც დამატებით შეაფასებს ამ დოკუმენტს. ის, რომ პრობლემა არსებობს, ამის აღიარება პირდაპირ ხდება. თუმცა როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, ამას უკვე ვეღარ ხვდება ხელისუფლება. როდესაც ჩვენ მოვუწოდებთ მათ, ნუ აკეთებენ ისე, რომ აქ რობოკოპები, საპოლიციო ძალებით და რეპსრესიული მეთოდებით გადაჭრან ეს პრობლემა, ეს არ არის გზა და ამას მოვუწოდებთ ჩვენ მუდმივად მთელი 180 დღეა. იგივე მოწოდება იქნება დღეს ჩვენი. ახლა გადავინაცვლებთ ჯებირთან, დავუძახებთ შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელს და იგივე განცხადების საფუძველზე, რომელიც დღეს გავრცელდა მთავრობისგან, რომ შესაძლებლობა ექნებათ ადამიანებს გადაადგილების ნამახვანში მშვიდობიანად, მოვითხოვთ ამ უფლებას. ბუნებრივია, რომ წესით წინააღმდეგობა ამაზე არ უნდა გაწიონ, იმიტომ რომ თავისივე განცხადებაში წერია, რომ შესაძლებლობა გვაქვს გადავადგილდეთ მშვიდობიანად ნამოხვანის მიმართულებით, ეს პრობლემა არ არის“, – განაცხადა გოლეთიანმა.
მისივე თქმით, განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ საპოლიციო ძალები შემცირდებოდნენ, გავიდოდნენ, ჯებირები აღებული იქნებოდა და ადამიანებს გადაადგილების შესაძლებლობა ექნებოდათ ნამოხვანის მიმართულებით, ახლა კი იმატა პოლიციელების რიცხვმა, ჯებირები კი, ისევ ადგილზეა.
„მოვუწოდოთ პოლიციის წარმომადგენელს, ხელმძღვანელობას, რომ აგვიხსნან ზუსტად რა ხდება, სად ვიმყოფებით და რა ვითარებაში ვართ თითოეული ჩვენთაგანი, გაგვარკვიონ“, – განაცხადა გოლეთიანმა.