ვარლამ გოლეთიანი - მივიღეთ გადაწყვეტილება, გადაიკეტოს რუსთაველი და არ გაიხსნება იქამდე, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები
მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიძრათ რესპუბლიკის მოედანზე, გადაიკეტება რუსთაველის გამზირი და არ გაიხსნება იქამდე, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა.
„ჩვენ, რადგან სცენა გვაქვს მოწყობილი და კარვები გვაქვს გაშლილი რესპუბლიკის მოედანზე, ბუნებრივია, იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიძრათ რესპუბლიკის მოედანზე და იქ გადაიკეტება რუსთაველის გამზირი, არ გაიხსნება. ამავდროულად, ახლოს ვიქნებით იმ ძირითად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი და გადაიკეტება იქ ყველაფერი, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები“, – აღნიშნა გოლეთიანმა.
ამასთან, გოლეთიანის თქმით, ეს არ არის ერთი ადამიანის ბრძოლა, არამედ არის მთელი ქვეყნის პრობლემა.
„26 მაისს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ იქამდე, რა თქმა უნდა, არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნები, მთელი დედაქალაქი დადგება ჩვენ გვერდით და თავისი უფლების, თითოეული ინდივიდის უფლების დასაცავად ამოვუდგებით ერთმანეთს მხარდამხარ. ეს არ არის თითო კაცის ბრძოლა, პერსონალური, ამა თუ იმ პირის ბრძოლა – ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა და თითოეული ჩვენგანის ბრძოლა. ამიტომ, ამის გაცნობიერებას დასჭირდა გარკვეული პერიოდი, რომ მისულიყო ეს ინფორმაცია საზოგადოებამდე. მეტ-ნაკლებად ყველამ გავიგეთ, მაგრამ უფრო დიდი ჩართულობაა საჭირო. ამიტომ, 26 მაისს აღლუმი იქნება არა აქ და თავისუფლების განცდის შეგრძნება იქნება არა აქ, არამედ სადაც ვდგავართ ჩვენ, პროტესტის ძირითად ადგილზე, და მთელი დედაქალაქი მოვა იქ. ჩვენ ველოდებით ყველას იქ, რათა მივმართოთ სრულიად საქართველოს და გავიზიაროთ ყველა ის წუხილი, რაც მოდის თითოეული ჩვენგანის გულიდან“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.