ვარლამ გოლეთიანი მიიჩნევს, რომ წყალტუბოში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოთხოვნით გამართული აქცია კომპანიის მხრიდან არის მართული
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი წყალტუბოში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოთხოვნით გამართულ აქციას ეხმაურება.
მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების მიზანია არა ვინმეს ბულინგი, არამედ პროექტთან დაკავშირებით არსებული პრობლემების საზოგადოებისთვის გაცნობა.
გოლეთიანმა დღევანდელ აქციას ჰესის მშენებელი კომპანიისგან მართული უწოდა.
„ამ პრობლემების არსებობას ადასტურებენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ამიტომ, ალბათ ეს არის მართული პროცესი კომპანიის მხრიდან, თითქოს ადამიანები ითხოვენ ჰესის მშენებლობას. ასეთი ადამიანებიც არსებობენ, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია ცნობილია”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
წყალტუბოში, სოფელ ოფურჩხეთში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოთხოვნით აქცია გაიმართა.