ვარლამ გოლეთიანი - ხელისუფლებასთან დიალოგის გასაგრძელებლად სამი წინაპირობა დავასახელეთ, ხეობიდან პოლიციის გასვლა, სამუშაოების შეწყვეტა და ადგილზე კარვების დაბრუნება
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, გუბერნატორებსა და დეპუტატებთან შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენა.
როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, შეხვედრა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში წარიმართა.
„ყველაზე უფრო კარგი ის არის, რომ გადავდივართ, ვფიქრობ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში, რადგან არსებობს დათმობითი სულისკვეთება, რომელიც იგრძნობოდა მათი მხრიდან. სამი ძირითადი საკითხი დავაყენეთ, რათა გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგის. სამი პირობა არის ის, რომ შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა, რაც ხეობაშია, გამოვიდნენ პოლიციელები, აიღონ რკინის ფარდა, შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები. კარვები, რომლებიც დაგვირბიეს, უნდა დავაბრუნოთ იქ. ამაზე ველოდებით პასუხებს. მათ თქვეს, რომ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლიათ. მათ ნაბიჯებზე ვართ დამოკიდებული, რამდენიმე დღე არის ამისთვის საჭირო. პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობა დასახელდა მიზეზად, რომ გაეცეს კითხვებს პასუხის“, – განაცხადა გოლეთიანმა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ დიალოგი შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, აუცილებელია, მათ მიერ წაყენებული სამი პირობის დაკმაყოფილება.
„უნდა ალაგდეს ბარიკადები, სამუშაო პროცესები ხეობაში უდნა შეწყდეს და გავაგრძელოთ კარვებით პროტესტი. ამის შემდეგ დავიწყებთ კონსტრუქციულ დიალოგს მიწასთან, ხელშეკრულებასთან და სხვადასხვა საკითხებზე. ვისაუბრებთ პირობებზე, რომელსაც დავაყენებთ. კომპეტენციის ნაწილში მათ არ ეხებათ, არ შეუძლიათ პასუხების გაცემა გარემოსდაცვითი და სხვადასხვა საკითხებზე, როდესაც გადავალთ კონსტრუქციული დიალოგის ნაწილში მერე ვნახოთ. ვადას რაც შეეხება, კონკრეტულ დღეებზეა საუბარი, მაგრამ დამოკიდებული არიან პრემიერის ჯანმრთელობაზე, სახელდება კოვიდის ფაქტორი. როგორც კი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება პრემიერი, მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ პირობებზე, რომელიც ჩვენ დავაყენეთ. თუ დაკმაყოფილდება სამივე პირობა, შემდეგ შევძლებთ ვიმსჯელოთ სხვა საკითხებზე“, – განაცხადა გოლეთიანმა.
მისივე თქმით, ქუთაისის ცენტრში შეკრებილები ადამიანების ნაწილი, ვისაც ამის სურვილი აქვს დაბრუნდება სახლში, ნაწილი კი ისევ გუმათში წავა პროტესტის გასაგრძელებლად.
„ავიღეთ აქ მყოფ ადამიანებზე უფლება, რომ ყველანი დაბრუნდებიან სახლში, არ დაჯარიმდებიან. ჩვენ მივდივართ გუმათში პროტესტი გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. კონსტრუქციული დიალოგის მზაობას ამ ნაწილში იმიტომ ვაცხადებთ, მკაფიოდ დაინახოს საზოგადოება, რომ კონსტრუქციულად მივყვებით პროცესს. ვსვამთ კითხვებს, დათმობილია სახელმწიფოებრივი ინტერესი და ის, რომ ჩვენ აქაც დავაყენეთ საკითხი მიწებზე, რომ მიწა არის წითელი ხაზი და არ გადაიკვეთება რაც არ უნდა მოხდეს. ეს არის შემდგომი მსჯელობის საგანი, რომ გაჩნდეს სივრცე ამაზე ვისმჯელოთ. შეწყდეს სამუშაოები ხეობაში, ალაგდეს პოლიცია და გავაგრძელოთ კარვებით პროტესტი. დანარჩენი მიწაზე როგორ დადგება საკითხი და ა.შ. ეს არის შემდგომი მოლაპარაკების თემა. მოვრიგდებით თუ არა მიწის საკითხზე, ხელშეკრულების სხვადასხვა დეტალებზე იქნება შემდგომი განხილვის საკითხი“, – განაცხადა გოლეთიანმა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისა და გუბერნატორების, ასევე დეპუტატებისა და „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების შეხვედრა გაიმართა.
დიალოგში ხელისუფლების მხრიდან მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.