ვარლამ გოლეთიანი - გუშინდელ შეხვედრაზე შევნიშნეთ, რომ ხელისუფლებას ნამდვილად აინტერესებდა ჩვენი მოსმენა
გუშინდელ შეხვედრაზე შევნიშნეთ, რომ ხელისუფლებას ნამდვილად აინტერესებდა ჩვენი მოსმენა, – ამის შესახებ „მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ეს წინსვლა გუშინდელ შეხვედრაზე ნამდვილად იყო. ისინი ლოზუნგების ენით არ საუბრობდნენ. ძირითადად, განწყობილი იყვნენ, რომ ჩვენთვის მოესმინათ და გაეგოთ ყველა ძირითადი პრობლემა და წითელი ხაზები, რომელსაც ჩვენ ვავლებთ. ეს ყველაფერი ჩაინიშნეს და თქვეს, რომ ამ საკითხებს პრემიერთან განიხილავდნენ და ამის შემდეგ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას; თქვეს, თუ პროექტი ეროვნულ ინტერესს და საზოგადოების ნებას ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, ის არ განხორციელდება, ასეთი რამ კი მათ არასდროს არ უთქვამთ“, – განაცხადა გოლეთიანმა.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უშვებენ თუ არა აქტივისტები თეორიულად იმის ალბათობას, რომ დიალოგის შემდეგ შესაძლოა, „ნამახვენჰესის“ მშენებლობის გაგრძელებაზე თანხმობა განაცხადონ, ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ დიალოგის გასაგრძელებლად მათ საკუთარი პოზიცია ეჭვქვეშ დააყენეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოზიციას იცვლიან.
„ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პოზიციას ვიცვლით ან სხვაგვარად ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ჰესის აშენება. ამის აშენება რომ შესაძლებელი არ არის, ქუჩაში ამიტომ ვდგავართ ექვსი თვეა, თორემ ბუნებრივია, ეს არ გვეხალისება. თავიანთ პოზიციაში ისინიც ურყევი არიან, მაგრამ თუ ორივე მხარემ ის ვიძახეთ, ჩვენ ყველა შემთხვევაში ასე ვფიქრობთო, საუბრის გაგრძელების შესაძლებლობას ორივე მხარე დავკეტავთ. ეს კონსტრუქციულობა იმიტომ არის საჭირო, რომ რაკი ორივე მხარეს, ყველას ერთად ქვეყნის განვითარება გვინდა, დიალოგმა უნდა გამოკვეთოს ის პროცესი, რომ რაღაც არასწორად ხდება ჩვენი, ან მათი გადასახედიდან და ეს საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ეს რომ საზოგადოებისგან შეფასდეს, ამისთვის საჭიროა მხარეების სამართლიან გარემოში საუბარი“, – განაცხადა გოლეთიანმა.
როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, მკაფიო წითელი ხაზი არის მიწა და ამ საკითხის გადახედვა არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება.
„მიწასთან დაკავშირებით პრობლემა რამდენიმე მიმართულებით გვაქვს. ერთი ის, რომ 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია გადაცემული თურქული კომპანიისთვის და ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე, კერძო პირზე გასხვისება აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია. ასევე პრობლემა გვაქვს მიწის 99 წლით გადაცემასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჯამში 605 ჰექტარია გადაცემული, აქედან 381 სამუდამო მფლობელობაში და დანარჩენი 99 წლით, 99-წლიანი გადაცემა კი, მიღებული პრაქტიკა არ არის. გარდა ამისა, მიწების გადაცემის მოცულობა ამოწურული არ არის და მომავალში, ამას შეიძლება, კიდევ დაემატოს გადაცემული მიწები, თუ კომპანიას ტერიტორია დასჭირდება და ამ მიწის საჭიროებას დაასაბუთებს“, – განაცხადა გოლეთიანმა.
მისი თქმით, მიწის გარდა, არსებობს სხვა უამრავი დეტალი იგივე ხელშეკრულებიდან და შემდეგ უკვე, გარემოს დაცვითი საკითხებიდან, რომლებიც კრიტიკულად შეუსაბამოა მათ ხედვებთან და ისინი ამ საკითხებზე კომპრომისზე წასვლის შესაძლებლობას ვერ ხედავენ, რადგან ეს ისეთი საკითხებია, სადაც ვერაფერი დაითმობა.
დასასრულს, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ ხელშეკრულება ანტისახელმწიფოებრივია და პროექტი არ არის ეროვნული ინტერესების მატარებელი.