ვარლამ გოლეთიანი - „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა ერთადერთი პუნქტი არ არის, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოგვიწევს პროტესტის გაგრძელება 
ვარლამ გოლეთიანი - „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა ერთადერთი პუნქტი არ არის, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოგვიწევს პროტესტის გაგრძელება 

„ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა ერთადერთი პუნქტი არ არის, ვითხოვთ გადაცემული ხეობის უკან დაბრუნებას, ასევე, სამინისტროს მიერ გაცემული უკანონო ნებართვების გაუქმებას, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა „ენკას“ მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტის გაგრძელება მოუწევთ.

„ხელშეკრულების შეწყვეტა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პუნქტია, თუმცა ერთადერთი არ არის. მოთხოვნებში ასევე გადაცემული ხეობის უკან დაბრუნების საკითხი დგას, ასევე უკანონო ნებართვების გაუქმება, რომელიც გაცემული აქვს სამინისტროს ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ისე, რომ მთელი რიგი კვლევები არ იყო და წინსწრებით გასცეს ეს დასკვნები. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ასევე ამ ნებართვების გაუქმებასაც. ვიდრე ასე კომპლექსურად ყველა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოგვიწევს, ისევ გავაგრძელოთ აქ პროტესტი. თუმცა ის, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება არის გაწყვეტის პროცესში სახელმწიფოსთან, ეს მნიშვნელოვანია და პროტესტის მონაპოვარია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენი კომპანიის შვილობილმა, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში.

ამასთან, კომპანია „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ „აუცილებლად გააგრძელებენ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის“.

ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი.