ვარლამ გოლეთიანი - ჩვენ გვაქვს კითხვები სახელმწიფოსთან, რომელმაც გააფორმა ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება კომპანიასთან
ჩვენ გვაქვს კითხვები სახელმწიფოსთან, რომელმაც გააფორმა ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება კომპანიასთან. ამ შემთხვევაში კომპანიის ბრალეულობა ნაკლებია, რადგან რა ხელშეკრულებაც დაუდო სახელმწიფომ და მოუწერა ხელი, ვინც მოუწერა, ბრალეულობაც მისია, კითხვებიც ამ პერსონებთან გვაქვს, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, კომპანია „ენკას“ წარმომადგენლებთან დიალოგი არ იქნება მართებული, რადგან ისინი არ წარმოადგენენ მხარეს, რომელმაც კითხვებს უნდა გასცეს პასუხი.
„ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით შესაბამის მხარესთან შეხვედრას და კითხვებიც იმ ხალხთან გვაქვს. გაუგებარია, მუდმივად რატომ ხდება ისე, რომ მერაბ ლომინაძე თავს აყენებს ორივე წარმომადგენლის პოზიციაში. ამ შემთხვევაში, წარმოადგენს კერძო კომპანიასაც და სახელმწიფოსაც. ეს გაუგებარი პროცესია როგორ ხდება ასე, როცა წესით იცავს კერძო კომპანიის ინტერესს ამავე კომპანიის დირექტორი, თან როგორ არის სახელმწიფოს წარმომადგენელი. ამ ნაწილში შესაბამის უწყებებს დაინტერესებისკენ მოვუწოდებთ, რადგან არ შეიძლება ორ ინტერესს იცავდეს ადამიანი ერთდროულად, თუ ის იცავს იმ ნაწილს, რისი ინტერესის დაცვაც მოეთხოვება და თავისი კომპეტენციის ნაწილშია, მაშინ ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები. ჩვენ გვაქვს კითხვები სახელმწიფოსთან, რომელმაც გააფორმა ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება კომპანიასთან. ამ შემთხვევაში კომპანიის ბრალეულობა ნაკლებია, რადგან რა ხელშეკრულებაც დაუდო სახელმწიფომ და მოუწერა ხელი, ვინც მოუწერა, ბრალეულობაც მისია, კითხვებიც ამ პერსონებთან გვაქვს. ზედმეტი სპეკულაციის საგანი, თითქოს ჩვენ ლომინაძესთან არ გვაქვს კომუნიკაცია ამ დიალოგში, ემსახურება იმას, რათა ისევ თქვან, რომ ჩვენ ვართ დესტრუქციული ძალა. სინამდვილეში, ზუსტად ვაყალიბებთ, რა გვინდა ჩვენ“, – განაცხადა გოლეთიანმა.
კომპანია „ენკას“ წარმომადგენლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ იწყებენ საინფორმაციო კამპანიას. როგორც მათ აღნიშნეს, მზად არიან, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც აინტერესებს ჰესის ირგვლივ არსებული სინამდვილე, მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია.