ვარლამ გოლეთიანი - ბარიკადთან ვდგავართ და ხმაურით გამოვხატავთ პროტესტს, სხვა გზა არ დაგვიტოვეს
ჩვენ ბარიკადთან ვდგავართ და ხმაურით გამოვხატავთ პროტესტს, სხვა გზა არ დაგვიტოვეს, – ამის შესახებ ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სამუშაოები მიმდინარეობს ახლა, რის ხელის შეშლასაც აქციის მონაწილეები ცდილობენ, რადგან კაშხლის მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმი გამოცხადდა, კომპანია კი აცხადებს, რომ სამუშაოები შეჩერებულია, ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დიდი ტყუილის ნაწილია.
„კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი ვერ გამოცხადდებოდა, რადგან უშუალოდ კაშხლის ტანის მშენებლობა დაწყებული არ ყოფილა. იმისთვის, რომ პროცესი კაშხლის მშენებლობის ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა, ჯერ გვირაბი აშენდეს და ახლა სწორედ გვირაბის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. ის, რომ თითქოს კაშხლის მშენებლობა შეაჩერეს, სიტყვების თამაშია“, – განაცხადა გოლეთიანმა.
მისი თქმით, გვირაბის მშენებლობისას, რომელიც ბურღვა-აფეთქების გზით გაჰყავთ, მნიშვნელოვნად ზიანდება ლანდშაფტი.
„გარდა ამ გვირაბისა, ხსნიან მთებს, ერთი ადგილიდან მეორეზე აადგილებენ; გაჰყავთ გზა, რომელსაც ტყის მასივები ეწირება და ა.შ“, – განაცხადა გოლეთიანმა. თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, სად არის გამოსავალი და მზად არიან თუ არა აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებასთან და კომპანიასთან დიალოგისთვის იმ შემთხვევაში, თუ რკინის ჯებირები მოიხსნება, გოლეთიანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები სწორედ ამას ითხოვდნენ, რკინის ბარიკადის მოხსნას, ხეობიდან პოლიციის გასვლას და სამუშაოების შეჩერებას, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს.
„ჩვენ სწორედ ამას ვითხოვდით, როდესაც უშუალოდ პრემიერის გამოგზავნილ წარმომადგენლებს შევხვდით, მაგრამ მათ ამაზე მტკიცე უარი გვითხრეს, რომ ასე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხდებაო. აი, ამიტომ დაიგეგმა ის აქცია და ამიტომ ხდება ეს პროცესი, რასაც ხედავთ, თორემ არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ მრავალათასიანი აქციები ვატაროთ და წინ და უკან ვირბინოთ“, – განაცხადა გოლეთიანმა.
როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, ქვეყანაში ჰესების მშენებლობა ქაოსურად ხდება და მორატორიუმი იმისთვის არის საჭირო, რომ ენერგეტიკის სექტორში დაიდოს სტრატეგიული განვითარების გეგმა, რაც დღეს არ არის, კვლევებზე დაყრდნობით განისაზღვროს, როგორ ვვითარდებით ენერგეტიკულად, რა ენერგო მატარებლების მშენებლობა გვჭირდება, რა მოხმარება გვაქვს და ა.შ.
შეკითხვაზე, როგორ შეფასებს „ლელოს“ ინიციატივას, რომ პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტებმა „ნამახვანჰესის“ საკითხზე სხდომა მოიწვიონ და პროცესში აქციის ორგანიზატორებიც ჩაერთონ, „რიონის ხეობის მცველმა“ განაცხადა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ ხაზზეა გამწკრივებული და აქციის მონაწილეთა მისამართით, ვისაც როგორ შეუძლია, ისე ილანძღება.
„ისინი ცდილობენ, ჩვენი მოძრაობა გაამარგინალონ. იმიტომ, რომ ამ მოძრაობას დიდი სამოქალაქო აქვს, რაც პოლიტიკურ სპექტრს არ აქვს. რაც შეეხება იმ სივრცეში დისკუსიას და მასში მონაწილეობას, ჩვენ ორჯერ ვიყავით, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოუტანია და არ ვაპირებთ, იგივე წრეზე ვიტრიალოთ“, – განაცხადა გოლეთიანმა.
გოლეთიანმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება დასკვნების დასადებად მესამე მხარეს, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის წარმომადგენლებს ეძახის, მაგრამ პარალელურად, ჰესი შენდება, რაც საკითხისადმი არასწორი დამოკიდებულებაა.
„მაშინ, ჯერ დასკვნას უნდა დაელოდონ და შემდეგ გააგრძელონ მშენებლობა. ზოგადად, ასეთია ლოგიკა და წესი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.