ვარლამ გოლეთიანი - ადამიანებს, ვინც ფულს გვირიცხავს, არ უნდათ, რომ მათი ვინაობა გასაჯაროვდეს
ვარლამ გოლეთიანი - ადამიანებს, ვინც ფულს გვირიცხავს, არ უნდათ, რომ მათი ვინაობა გასაჯაროვდეს

ადამიანებს, ვინც ფულს გვირიცხავს, არ უნდათ, რომ მათი ვინაობა გასაჯაროვდეს, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტის მონაწილეებს ბევრი ადამიანი ურიცხავს ფულს, მათ შორის ემიგრანტები.

„ზოგადად, როდესაც ემიგრანტები და სხვადასხვა ადამიანი რიცხავს ფულს, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ არ იყოს მათი სახელი და გვარი საჯარო. ეს ისეთი პროცესია, ამუნათებენ პირდაპირ იმ დამაიანებს, ვინც მონაწილეობს აი, ამ ბრძოლაში. ვხედავთ, რომ გამგებლებს იბარებენ მერიაში, სკოლის დირექტორებს ეუბნებიან, რომ არ გააზიარონ პოსტი, არ დაგვიჭირონ მხარი. ზოგადად, ადმინისტრაციულ რესურსს მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლება. ჩვენ მხარს გვიჭერს ის ხალხი, არაერთი და თანხითაც მინაწილეობენ. არ უნდათ, რომ მათი სახელები გასაჯაროვდეს“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, პროტესტის დამფინანსებლებს შორის არიან თუ არა პოლიტიკოსები, მან უპასუხა, რომ ასეთი შემოტავაზებები იყო, თუმცა მათ უარი თქვეს,

„ეს პროტრსტი დიდიხანია მიმდინარეობს და სხვადასხვა დროს მსგავსი ფინანსური დახმარება იყო შემოთავაზებული. ჩვენ ყველას მიზანმიმართულად ვეუბნებით უარს იმიტომ, რომ არ მოყვეს ამას რაღაც სპეკულაციები და თან ჩვენ არ ვსაჭიროებთ ამგვარ დახმარებას იმიტომ, რომ თუ ხალხმა არ იგრძნო, რომ ეს მისი გასაკეთებელი საქმეა, ახლა აქ ჩემოდნებით მოტანილი ფული არავის არ სჭირდება იმიტომ, რომ ხელოვნურად შექმნილი პროტესტი არავის სჭირდება. ეს თუ ბუნებრივი არ იქნა და საზოგადოებამ არ გაითავისა, რომ მისი საკეთებელი საქმეა ჩართულობის ნაწილში, აზრი არ ექნება.

პირველივე დღიდან, რაც რიონის ხეობაში ხუთი კაცი დავდექით პროტესტისთვის, არავისთვის არ გვითქვამს, რომ დამიდექი გვერდით და აქ იყავი ახლა შენ. ამ ტიპის დიალოგი უახლოეს ადამიანებთან, ჩემს მეგობრებთანაც კი არ მქონია, რომ ამას ვაკეთებ მე და თქვენც ეს უნდა გააკეთოთ და ა.შ. ვინც ჩათვლიდა საჭიროდ, რომ ეს არის ეროვნული საქმე და თითეული ადამიანის საკეთებელი, მოვა, დადგება ჩვენ გვერდით და დადებს იმ ფულსაც“, – განაცხადა გოლეთიანმა.

რაც შეეხება იმას, როდის გასაჯაროვდება იმ ადამიანების ვინაობა, ვინც მათ ფულს ურიცხავს, გოლეთიანმა უპასუხა, ამისთვის გარკვეული დეტალებია გასავლელი.

„არ ვიცი, ჩვენ ახლა ამ პროცესში ვართ რაც ჩამოვედით დედაქალაქში და ატყდა ამბავი, განსაკუთრებით აგორდა დაფინანსებასთან დაკავშირებით. მაგასაც გაკეთება უნდა ხომ, ამ გასაჯაროებას. რაღაც ბუღალტერიაა და ა.შ. გავაკეთებთ და გასაჯაროვდება არ არის პრობლემა“, – განაცხადა გოლეთიანმა.

კითხვაზე, რა თანხაზეა საუბარი, მან უპასუხა, რომ რაც სცენის ორგანიზებას სჭირდება.

„რაც სჭირდება ზოგადად სცენის ორგანიზებას. დაახლოებით იცით თქვენც ხომ რა ღირს და შეგიძლიათ გადაამოწმოთ კომპანიასთან. რამდენიმე ათასზეა  საუბარი და ეს ფული მთელი ამ ნახევარი წლის განმავლობაში არის შეკრებილი ემიგრანტებისა და ჩვენი თანამოქლაქეებისგან.

ვინმეს უფლება რომ არ დაირღვეს და შემდეგ ჩვენ არ გვისაყვედუროს იმ ხალხმა, რომ რატომ გახდა მისი სახელი და გვარი საჯარო, ეს დეტალები ხომ უნდა გავიაროთ იურისტთან. მე არ ვიცი როგორ ხდება გასაჯაროება. ამიტომ როდესაც გავივლით ამ დეტალებს და დავრწმუნდებით, რომ არავის უფლებები არ ირღვევა, დავდებთ იმ ფორმით, რა ფორმითაც იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.