ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ სოფელ ტვიშში სამართალამცველებსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ სოფელ ტვიშში სამართალამცველებსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
გოლეთიანის ინფორმაციით, კომპანია „ენკამ“ პოლიციის დახმარებით ხეობაში საწვავი შეიტანა, რაც კარავში მყოფმა აქტივისტებმა გააპროტესტეს. მათ სატვირთო ავტომანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა. მისი თქმით, ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.
როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, რიონის ხეობისკენ დამაკავშირებელ გზაზე მათი აქტივისტების რაოდენობა გაიზრდება.
„დღეს ტვიშის მხრიდან, სადაც შედარებით ნაკლები ადამიანი დგას და ნაკლებია ადამიანური რესურსი, აირჩიეს შემოსასვლელი და მოხდა დაპირისპირება. დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი სპეცდანიშნულების რაზმი და მოხდა გადავლა მოსახლეობაზე. ამ ფორმით შეიტანეს ერთი ავზი საწვავი.
ჩვენთვის გასაკვირია, როდესაც პრემიერი ერთ დღეს აკეთებს განცხადებას, რომ ამ ფორმით ეს პროექტი არ გაგრძელდება და თან ვხედავთ, რომ ასისხლიანებენ ადამიანებს სამუშაოების გასაგრძელებლად. ვფიქრობთ, ასეთ ნაბიჯებს მოჰყვება კიდევ უფრო დიდო პროტესტი საზოგადოებაში“, – განაცახადა გოლეთიანმა.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახლა არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტი არ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა კომპანია „ენკას“ ტრანსპორტისთვის რიონის ხეობასთან დამაკავშირებელი ყველა გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის აქციის მონაწილეებს ექვს ადგილზე აქვთ კარვები გაშლილი და აფერხებენ კომპანიის მანქანების გადაადგილებას.