ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პასუხს მომდევნო კვირის ბოლომდე ელოდებიან
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მათი მოთხოვნების შესრულებაზე პასუხს მომდევნო კვირის ბოლომდე ელოდებიან. ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატთან, ზაზა ლომინაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ საზოგადოება ელოდება კონკრეტულ პასუხებს ხელისუფლების მხრიდან. უკვე იწყება ღელვა და მატულობს ტემპერატურა, რას ფიქრობენ და რატომ არ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რათა სამივე პირობა შესრულდეს. ჩვენ დღეს ეს გავაჟღერეთ ჟურნალისტებთან. ამის შემდეგ დაგვიკავშირდა ბატონი ზაზა ლომინაძე და ტელეფონზე სცადა გასაუბრება. ჩვენ ვუთხარით მას, რომ თუკი რაიმე ჰქონდა სათქმელი, მოსულიყო, ანუ რა ნაბიჯების გადადგმა ან როდის კონკრეტულად, რომელ დღეს იგეგმება. ჩვენ რომ არ ვიყოთ შუამავალი რგოლი საზოგადოებასთან, ვუთხარით, რომ მოსულიყო ადგილზე და ადგილზე ეთქვა, რა შემდგომი ნაბიჯების გადადგმას აპირებენ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მისივე თქმით, აუცილებელია, აქციის მონაწილეების სამივე პირობა შესრულდეს.
„ჩვენ ახლა ნამდვილად არ ვართ იმ პოზიციაში და არც იმდენად გულუბრყვილოები ვართ, რომ რაიმე პოლიტიკურ კეკლუცობას ავყვეთ ან ამან ჩვენზე რაიმე გავლენა იქონიოს. უბრალოდ, მშვიდად ვისმენთ ყველას პოზიციას. ადამიანმა ტელეფონზე დარეკა და ჩვენ ვთხოვეთ, მოსულიყო და საზოგადოებისთვის თავად ეთქვა სათქმელი. ამის შემდეგ ეს დრო ვერ გაიწელება, ბუნებრივია. დასახელდა მაქსიმუმ პარასკევი, ამბობენ, რომ ურჩევნიათ მაქსიმუმი დრო აიღონ, თორემ შეიძლება, პასუხი ხვალაც იყოს. ჩვენც შესაბამისად ამ კვირის ბოლომდე გავყვებით ამ პოზიციას და დაველოდებით პასუხს. დანარჩენი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კომპანია ამ წუთებში ხეობაში მუშაობს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ კი ეს პირობები არ შესრულდება, ანუ აქ კომპრომისი არ არსებობს ამ პირობებში. ნახევარი ჯებირი აღებულია და ნახევარი დატოვებულია. ეს არ ცვლის ჩვენთვის არაფერს. ყველა ის პირობა უნდა შესრულდეს, რომ გადავიდეთ იმ ხელშეკრულების განხილვაზე, რომელსაც პირველად ვაყენებთ დღის წესრიგში და ვთქვათ ყველა წითელი ხაზი. ერთადერთი განწყობა არის სრულიად საზოგადოება, ვინც ჩართულია ამ პროცესში, ხელისუფლებას უწევს კომუნიკაციაზე გამოსვლა ჩვენთან. ბატონი ზაზას მოსვლაც ამ კომუნიკაციის ნაწილია დღევანდელ დღესაც. ალბათ ცდილობენ, არ დაძაბონ და ამ კომუნიკაციით განმუხტონ სიტუაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი უნდა აისახოს ქმედებაში“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.