ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით დღეს მორიგი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრა 17:00 საათზეა დაგეგმილი.
ამასთან, როგორც გოლეთიანმა განაცხადა, რკინის ჯებირების დემონტაჟის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს ხეობაში გადაადგილების უფლება ამ დრომდე არ აქვთ.
„წინა შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმება გულისხმობდა ბარიკადების აღებას, ჩვენს დაბრუნებას სოფელ ნამოხვანში, პროტესტის ძირითად ადგილზე, ასევე დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით უნდა გაეკეთებინათ განცხადება. ვნახეთ, რომ მხოლოდ ბარიკადების ნაწილში შესრულდა ეს პირობები. აიღეს ბარიკადები, მაგრამ გადაადგილების უფლება არ გვაქვს. გუშინ ბარიკადების აღებიდან ერთი საათის შემდეგ კომპანიამ დააპირა, შესულიყო ხეობაში. ბუნებრივია, არ მივეცით ამის შესაძლებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენც არ გვეძლევა ხეობაში შესვლის უფლება. ჩვენთვის არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ რკინის ფარდა აღარ გვაქვს აფარებული. ამიტომ, დღეს ზუმ-შეხვედრაზე ვისაუბრებთ დანარჩენ პირობებთან დაკავშირებით, რომ შესრულდეს და გადაიდგას ნაბიჯები, დაიწყოს მომავალში მედიაციის პროცესი“, – განაცხადა გოლეთიანმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟი 17 ივნისს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.
ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართა.