ვარკეთილში, ავარიული სადარბაზოს მცხოვრებლებს საკუთარი ნივთები გამოაქვთ
ვარკეთილში 322-ე კორპუსში საინჟინრო ჯგუფმა სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა, რის შემდეგაც მოქალქეებს პირადი ნივთების გამოტანის უფლება მიეცათ.
მეხანძრე-მაშველები უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით მოქალაქეებს კორპუსში აცილებენ და ნივთების გამოტანაში ეხმარებიან. პერიმეტრზე უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იცავენ.
სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები. მისივე ცნობით, ექპერტიზის დასკვნის დეტალები კორპუსის მდგომარეობის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„სასტუმროებში ოჯახები გუშინ საღამოსვე გადავიყვანეთ. ვინც გამოთქვა სურვილი, რომ ახლობლებთან გაათენებდნენ ღამეს, ისინი თავიანთ ახლობლებთან იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, სასტუმროში არიან თუ ახლობლებთან, მათთან მოხდა კომუნიკაცია. ყველა საჭირო პირველადი დახმარების ნივთით, რაც სჭირდებოდათ, უზრუნველყოფილნი არიან. დღეს მიმდინარეობს სამუშაოები. მოხდება ამ სადარბაზოს გამაგრება. ასევე მიმდინარეობს დეტალური შესწავლა, რა დაზიანებასთან გვქონდა საქმე.
ამ ადამიანების უზრუნველყოფას საცხოვრისით, ვიდრე აქ ცხოვრება უსაფრთხო არ იქნება, თავიდან ბოლომდე მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, ნგრევის საფრთხის გამო საცხოვრებელი კორპუსის ევაკუაცია წუხელ მოხდა. დროებით სულ 18 ოჯახი გაასახლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112-დან ავარიული კორპუსის შესახებ შეტყობინება გუშინ შევიდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ჩამოშლილი იყო საყრდენი კედლის გარე ფასადის ნალესი და დაბზარული იყო კედლები.
ადგილზე ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.